თავისუფალი დემოკრატების ყოფილი წევრის და ახლა უკვე ხელისუფლებაში მყოფი ვიქტორ დოლიძის პოზიცია რუსთავი 2-თან დაკავშირებით შეიცვალა.
სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძე ამბობს, რომ ქვეყანაში მედია როგორც არასდროს თავისუფალია ხოლო რუსთავი 2-ის საქმე სამართლებრივი დავაა, რომელიც სასამართლომ უნდა განიხილოს. სასამართლო პროცესთან დაკავშირებით კი დოლიძეს კითხვის ნიშნები აღარ აქვს.
"ეს არის სასამართლოში არსებული თემა და დარწმუნებული ვარ, რომ უნდა გამოვიდეს სწორი განაჩენი. მე როგორც აწ უკვე მთავრობის წარმომადგენელი სხვა განცხადების გაკეთება არ შემიძლია და თავს შევიკავებდი. რუსთავი 2-მა იმდენი მეპატრონე გამოიცვალა, რომ ეს სასამართლოს საქმეა თავიდან ბოლომდე. როგორც არასდროს მედია თავისუფალია ქვეყანაში ამას მგონია რუსთავი 2-იც არ დაობს,"- აცხადებს ვიქტორ დოლიძე.
დოლიძის აზრს იზიარებს დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარიც. მინისტრი ამბობს, რომ ეს კერძო პირებს შორის დავაა, რომელშიც სახელმწიფო ვერ ჩაერევა.
ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში კი ამბობენ, რომ უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა გადაწყვეტილებას 30 ნოემბერს გამოიტანს რუსთავი 2-ის საქმეზე და მას ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნებენ. ელენე ხოშტარია ამბობს, რომ მოსამართლეებზე ზეწოლა ხორციელდება.
"ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია რომ 30 ნოემბერს გეგმავენ მიიტაცონ რუსთავი 2. მოსამართლეებზე არის ზეწოლა, წულუკიანის, თადუმაძის, გვენეტაძის და ფარცხალაძის მეშვეობით მიმდინარეობს მოსამართლეების დაშინება,"- აცხადებს დეპუტატი ელენე ხოშტარია.
ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებული ინფორმაცია გუშინ პარლამენტში ჯერ კიდევ პერმიერობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა კატეგორიულად უარყო.