რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მოსამართლეების ზეწოლაზე საუბრობენ კვლავ საპარლამენტო უმცირესობაში.
ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, დიდი პალატა გადაწყვეტილებას 30 ნოემბერს მიიღებს.
მათი თქმით, ხელისუფლებას სურს გააჩუმოს კრიტიკული მედია, რაც საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის დემოკრატიულობას.
“ბიძინა ივანიშვილს დავალებული აქვს, რომ სწრაფად, 30 ნოემბერს დადგეს ეს გადაწყვეტილება და მიიტაცონ რუსთავი 2. ჰყავთ დაკავებული თეა წულუკიანი, ფარცხალაძე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გვენეტაძე და თადუმაძე მათი წარმომადგენელი. ასეთი უხეში ფორმებით დღეს რუსთავი2-ის მიჩუმება, როდესაც პლუს საკონსტიტუციო უმრავლესობა და არაფორმალური მმართველობა გვყავს, ნიშნავს პირდაპირ საზოგადოებისთვის გალაწუნებას და ამას ქართული საზოგადოება არ მოითმენს,“ - აცადებს ელენე ხოშტარია.
საფრთხეებსა და მოსამართლეთა ზეწოლაზე ამახვილებს ყურადღებას არასაპარლამენტო ოპოზიციაც.
ისინი საქმის ზეპირი მოსმენის აუცილებლობაზეც საუბრობენ და მიაჩნიათ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებამ დამატებითი კითხვები და ეჭვები არ უნდა გააჩინოს.
„სასამართლო თავიდან ბოლომდე გავლენის ქვეშ არის და პოლიტიკურად მნიშვნელოვან საქმეებზე, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღება, ეს არავისთვის არ არის უცხო. რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება იქნება ძალიან დამაზარალებელი, როგორც საგარეო კუთხით, ასევე შიგნით, მედიათავისუფლების კუთხით,“ - განაცხადა თავისუფალი დემოკრატების წევრმა ლევან სამუშიამ.