27 მაისი 2024,   09:13
ვრცლად
საქართველო ევროპოლის ოპერატიული და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა გახდა

საქართველო ევროპოლთან უფრო აქტიური თანამშრომლობის ფაზაში გადადის. დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში გაფორმდა თანამშრომლობის ოფიციალური ხელშეკრულება. ხელმოწერის ცერემონიას, საქართველოს პრემიერმინისტრიც ესწრებოდა.

ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ქართულ მხარეს ეძლევა შესაძლებლობა, რომ ითანამშრომლოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგამოძიებო უწყებებთან, მიიღოს და გაცვალოს ინფორმაცია დანაშაულის შესახებ და ასევე პერსონალური მონაცემები.

„შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ ჩვენი ქვეყანა, პრაქტიკულად, ევროპოლის ოპერატიული პარტნიორი ხდება და საქართველო ამით თანდათან ხდება ევროპული წესრიგის განუყოფელი ნაწილი. ევროპოლის ოპერატიულ პარტნიორად ქცევა კი ნიშნავს იმას, რომ საქართველო დაიმკვიდრებს ღირსეულ ადგილს, ევროკავშირის ქვეყნების საპოლიციო თანამშრომლების კავშირში. ამ ხელშეკრულების გაფორმების შედეგად ჩვენ ვხდებით ევროპული ოჯახის ნაწილი სამართალდაცვით სფეროშიც,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.  

ხელშეკრულების მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოს შს მინისტრმაც. გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, შეთანხმება ისტორიულია, რადგან ის არის წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.

ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოს შს სამინისტროდან ევროპოლში წარიგზავნება წარმომადგენელი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა საგამოძიებო ჯგუფების მუშაობაში.

„როგორც პრემიერმინისტრმა განაცხადა, ეს კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელიც უფრო გააღრმავებს საქართველოს ურთიერთობას ევროკავშირთან უსაფრთხოების საკითხებში. ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ გავხდით საზარელი ტერორისტული თავდასხმების მომსწრენი, რომლებმაც დააზარალა ევროპის კონტინენტი. ასევე კიბერთავდასხმები, ორგანიზებული დანაშაული, ნარკოტრეფიკი დღემდე რჩება ჩვენი საზოგადოების უმთავრეს პრობლემად. მნიშვნელოვანია, რომ ამ პრობლემების დაძლევაზე ჩვენ მაქსიმალურად მჭიდრო თანამშრომლობა გვქონდეს,“-განაცხადა ევროპოლიციის დირექტორმა რომ უნრაითიმ.

დღის ამბები