26 აპრილი 2024,   18:59
ვრცლად
ოპოზიცია მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის წესის თაობაზე საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის

უზენაესი საბჭოს მოქმედი მდივნის, ლევან მურუსიძის სამწლიანი გამოსაცდელი ვადის გარეშე მოსამართლედ დანიშვნა - ფრაქცია ევროპული საქართველო ახალი საკანონმდებლო რეგულაციების შესახებ ბიუროზე საკითხის დაყენებას გეგმავს.

„ჩვენ ვაყენებთ საკანონმდებლო ინიციატივას, როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების გასვლამდე დარჩენილია 3 თვე, მათ აღარ უნდა შეეძლოთ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის საკითხის გადაწყვეტა, ვინაიდან ეს გამოიყენება, სამწუხაროდ, სასამართლოს ავტორიტეტის საწინააღმდეგოდ, კონკრეტული პირების უვადოდ დასანიშნად სასამართლო სისტემაში,“ - განაცხადა ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრმა ოთარ კახიძემ.

ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ მურუსიძისა და ნაზღაიძის მსგავსი მოსამართლეები ბიძინა ივანიშვილის დაკვეთას ასრულებენ.

„მურუსიძე, ნაზღაიძე და მსგავსი მოსამართლეები, რომლებიც არ ემსახურებიან მართლმსაჯულებას, ისინი ემსახურებიან ბიძინა ივანიშვილს, წარმოადგენენ საქართველოს ხელისუფლებისა და ივანიშვილის პროდუქტს, რომლებიც ასრულებენ, პრაქტიკულად ყველა დაკვეთას ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული ხელისუფლების,“ - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ხატია დეკანოიძემ.

უმრავლესობაში კი ფიქრობენ, რომ სასამართლოების შესახებ კანონში მესამე ტალღით მიღებული ცვლილებები სრულ შესაბამისობაშია საჭირო სტანდარტებთან.

„ვიცი, რომ არის შენიშვნები ზოგადად მოსამართლეების დანიშვნის წესთან დაკავშირებით და მე დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტი ამ ცვლილებებს შეიმუშავებს და კიდევ დამატებით რეფორმებს განაგრძობს,“ - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ფრაქცია ქართული ოცნების წევრმა, თამარ ჩუგოშვილმა.

დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ლევან მურუსიძის მოსამართლედ უვადოდ დანიშვნის თაობაზე კენჭისყრა გადაიდო.

ამავე თემაზე
დღის ამბები