06 მაისი 2024,   12:36
ვრცლად
დებატები პარლამენტში - ოპოზიცია 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმებას ეწინააღმდეგება

დებატები ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის განხილვისას. კანონპროექტთა პაკეტს, რომელიც 7 თვითმმართველ ქალაქის მუნიციპალიტეტთან გაერთიანებას ითვალისწინებს, საპარლამენტო ოპოზიცია ეწინააღმდეგება.

ოპოზიცია აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ბიუროკრატიული ხარჯების გაბერვა ახასიათებს და თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებები არჩევნების წინ კომფორტული გარემოს შესაქმნელად შეაქვს.

„თქვენი ხელისუფლების საფირმო ნიშანი არის პრემიები, შემდეგ პრემიებს რომ ვეღარ იღებდით, სახელების შეცვლა და დანამატების დარქმევა ამისთვის და ყველა გზის გამონახვა, რომ ბიუჯეტის ფული ჩაიდოთ ჯიბეში. შესაბამისად, არგუმენტი, რომ თქვენ გინდათ ხარჯების შემცირება, მართლა არის ღიმილის მომგვრელი. ყველასთვის არის ნათელი და გასაგები, რომ ამ ცვლილებებს თქვენ ახორციელებთ სწორედ იმიტომ, რომ ეს გჭირდებათ არჩევნებისთვის,“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრმა, ირმა ნადირაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტების” წევრი, ირმა ინაშვილი, არ გამორიცხავს, რომ მმართველმა გუნდმა შესაძლებელია მომავალ წელს კვლავ ახალი ინიციატივა დააყენოს და თვითმმართველი ქალაქის სტატუსი ამ ქალაქებს კვლავ დაუბრუნოს.

„რა მივიღეთ ახლა, გვეუბნებით, რომ უკვე 7 ქალაქი, კი ბატონო, ქალაქის სტატუსს არ კარგავს, მაგრამ სტრუქტურა თვითმმართველობის ეკარგება. მე მარტივი კითხვა მაქვს. თქვენ რა გარანტიას გვაძლევთ იმისა, რომ კიდევ ერთი წლის მერე არ მობრძანდებით ამ დარბაზში და არ გვეტყვით, რომ იცით, რა შემოვედით ისევ ცვლილებით, რაც გავაუქმეთ, ისევ უნდა აღვადგინოთ, იმიტომ რომ ახლა იმან არ იმუშავა,“ - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

დღის ამბები