01 მაისი 2024,   10:21
ვრცლად
კონსტიტუციის ახალი პროექტი უშიშროების საბჭოს აუქმებს

პარლამენტის თავმჯდომარის კიდევ ერთი დამამცირებელი განცხადება საპრეზიდენტო ინსტიტუტის სტრუქტურების მისამართით - ირაკლი კობახიძემ უშიშროების საბჭოს "სიმახინჯე" უწოდა. ეს კომენტარი სპიკერმა უსაფრთხოების ექსპერტების პასუხად გააკეთა. უშიშროების საბჭოში გამართულ შეხვედრაზე დღეს საქართველოს უსაფრთხოების სისტემაზე საუბრობდნენ. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ, რომლებიც უშიშროების საბჭოს გაუქმებას და პრეზიდენტის, როგორც მთავარსარდლის უფლებების შეკვეცას გულისხმობს, უსაფრთხოების სისტემა კიდევ უფრო სუსტი და დაუცველი ხდება.

კრიტიკული განცხადებების შემდეგ ფორმულირება "სხვა შეიარაღებული ძალები" დღის მეორე ნახევარში მუხლობრივი განხილვის დროს "ქართულმა ოცნებამ " ტექსტიდან ამოიღო, მაგრამ მმართველ გუნდს ჯამში ცვლილებების საჭიროებაში ეჭვი წუთითაც არ ეპარება. უფრო მეტიც, უშიშროების საბჭოს საჭიროებას საერთოდ ვერ ხედავს პარლამენტის თავმჯდომარე.

უშიშროების საბჭოში კი განმარტავენ, რომ "ქართულ ოცნებას" პრეზიდენტთან პაექრობაში შინაარსი გამოეპარა და მთავარსარდალი ფაქტობრივად უფუნქციოდ დატოვა.

საბოლოო ჯამში კონსტიტუციის ახალი პროექტი აუქმებს უშიშროების საბჭოს, საომარი მოქმედების დროს დროებით ეროვნული თავდაცვის საბჭო იქმნება, საომარ მდგომარეობის პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის წარდგინების გარეშე ვეღარ აცხადებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროტესტის მიუხედავად ოცნება პოზიციას არ ცვლის და ეს ცვლილებები კონსტიტუციაში მაინც შეაქვს, საპასუხო ნაბიჯებზე დღეს უშიშროების საბჭოში შეთანხმდნენ.

 

დღის ამბები