16 ივნისი 2024,   05:54
ვრცლად
თურქეთში მოკლული ქართველი ემიგრანტი - გივი მაჩაიძის ოჯახი მკვლელობის სავარაუდო ვერსიებზე საუბრობს  

თურქეთში მოკლულ ქართველ ემიგრანტს, წყალტუბოს რაიონის სოფელ მუხიანში სავარაუდოდ ხვალ გადაასვენებენ. გივი მაჩაიძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ოჯახს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე შეატყობინა.

39 წლის გივი მაჩაიძე, ბოლო 9 წელი სტამბულში ცხოვრობდა. ოჯახის ინფორმაციით, ბოლოს ის ჯინსების ერთ-ერთ ფაბრიკაში მუშაობდა, საიდანაც ცოტა ხნის წინ წავიდა. სავარაუდოდ გივი მაჩაიძე  ფაბრიკაში სწორედ დარჩენილი ხელფასის, 900 ლირის მისაღებად მივიდა, რის შემდეგაც ოჯახის წევრების განცხადებით, ის სცემეს და მოკლეს.

გივი მაჩაიძე, გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე დას ესაუბრა და სწორედ მას უთხრა, რომ ხელფასის მისაღებად ფაბრიკაში მისვლას აპირებდა. გარდაცვლილის ძმის განცხადებით, გივი მაჩაიძემ დას ღამის 03:00 საათზე დაურეკა და შველა ითხოვა. შემთხვევიდან მალევე მაჩაიძის მობილური ტელეფონი გამოირთო.

ოჯახის ინფორმაციით, გარდაცვლილს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.

გივი მაჩაიძის ფულის გამო მკვლელობას არ გამორიცხავს არასამთავრობო ორგანიზაცია ”ემიგრანტის იმედის” ხელმძღვანელი შოთა სიხარულიძეც.

„როდესაც ფულს ეხება საქმე არაფერს არ გამოვრიცხავ. შეიძლება ყოფილიყო ურთიერთშელაპარაკება, შეიძლება ყოფილიყო ძარცვა. იმიტომ, რომ დღეს ფულის გამო საშინელებები ხდება. როგორც ოჯახის წევრებმა, მისმა ძმამ მომწერა, ის ითხოვდა დახმარებას, საქართველოს საკონსულომ ჩამოსვენების ხარჯები აანაზღაურა,“-განაცხადა  შოთა სიხარულიძემ.

დღის ამბები