16 ივნისი 2024,   06:13
ვრცლად
არ ვთვლით მიზანშეწონილად პირდაპირ დიალოგს რუსეთთან - ლევან იზორია

საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე უკანონო ქმედებებზე და ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა თავდაცვის მინისტრმა. ლევან იზორია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც ლავროვმა საქართველო-რუსეთს შორის დიალოგის სხვა ფორმატსა და მაღალ დონეზე წარმოებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

იზორია ამბობს, რომ რუსეთთან პირდაპირი დიალოგი არ არის მიზანშეწონილი, რადგან კრემლის მხრიდან არ იდგმება კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც საქართველოს დეოკუპაციისკენ იქნება მიმართული.

მისი თქმით, დიალოგი მხოლოდ საერთაშორისო ფორმატით უნდა გაგრძელდეს.

"რუსეთი აგრძელებს ქმედებებს, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებს, ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს. არ ვთვლით მიზანშეწონილად პირდაპირ დიალოგს რუსეთთან იმიტომ, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ კონკრეტულ ქმედებებს, რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციისკენ.

"აქედან გამომდინარე, ის საერთაშორისო ფორმატები, რომელიც არსებობს, ვფიქრობთ, რომ სწორედ ფორმატების ფარგლებში უნდა მოხდეს დიალოგის გაგრძელება," - განაცხადა ლევან იზორიამ.

სერგეი ლავროვის განცხადებას ეხმაურება შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრიც. ქეთევან ციხელაშვილი ამბობს, რომ დეოკუპაციისა და ოკუპირებული რეგიონების პრობლემებზე სამსჯელოდ უკვე არსებობს ჟენევის ფორმატი.

„ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები არის სწორედ საქართველო-რუსეთის დისკუსიების ფორმატი და განსაზღვრული აქვს მანდატი, რომ უნდა განიხილოს ყველა ის საკითხი, რომელიც ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს, მასთან დაკავშირებულ გამოწვევებს. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ კარგი იქნება თუ პოზიციები მიმართული იქნება იქითკენ, რომ ეს ფორმატი გამოვიყენოთ მაქსიმალურად ეფექტურად. რა თქმა უნდა, იქნებოდა ძალიან კარგი თუ იქნებოდა შემხვედრი ნაბიჯები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ფორმატი რეალურად გავხადოთ მუშა და ეფექტური,“ - აცხადებს ქეთევან ციხელაშვილი.

რუსეთთან დიალოგისთვის ახალი ფორმატის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავს ვერც ვიცე პრემიერი ალექსანდრე ჯეჯელავა. განათლების მინისტრი ამბობს, რომ არსებული ვითარების გათვალისწინებით რუსეთთან უფრო მაღალი დონის კონტაქტებზე ვერ იქნება საუბარი.

დღის ამბები