18 ნოემბერი 2024,   15:48
ვრცლად
ყველა ღია ცეცხლის კერა, ფაქტობრივად, ჩამქრალია - შს მინისტრი აბასთუმნის ხანძარზე

აბასთუმანში ცეცხლის სრული ლოკალიზება, სავარაუდოდ, დღეს მოხდება. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ცეცხლის ქრობის სამუშაოებში დილიდან ჩართულია ავიაცია.

ცეცხლის ლოკალიზებას ამ დროისთვის 6 საფრენი აპარატი ცდილობს. პროცესში ჩართულია 2 ქართული, 2 თურქული და 1 აზერბაიჯანული ვერტმფრენები. გიორგი მღებრიშვილის თქმით, ხანძრის ჩაქრობის პროცესში უახლოეს პერიოდში ჩაერთვება უკრაინული სახანძრო თვითმფრინავიც.

რჩება ცეცხლის რამდენიმე კერა რთულად მისადგომ რელიეფზე, თუმცა შს მინისტრი ამბობს, რომ ამ ეტაპისთვის აბასთუმნის ტყეში ცეცხლის ყველა ღია კერა ჩამქრალია.

ადგილზე იმყოფება ცოცხალი ძალა 1500-კაციანი შემადგენლობით.

„ყველა ღია ცეცხლის კერა ფაქტობრივად არის ჩამქრალი. ძალიან ეფექტურად მუშაობს ავიაცია ცოცხალი ძალა. ჩვენ გვაქვს აწყობილი სრულად კავშირგაბმულობა, პირდაპირი კავშირი აქვთ ხმელეთიდან ავიაციასთან, რომელსაც კონკრეტულ კოორდინატებს აძლევენ თუ სად უნდა დაისხას წყალი, საკმაოდ ეფექტურად მუშაობენ. დღის ბოლომდე, მე ვფიქრობ, თუკი ამინდი შეგვიწყობს ხელს, ხანძარი ფაქტობრივად ლოკალიზებული იქნება.

"5 ვერტმფრენი მუშაობს და ასევე ჩაერთვება სულ მალე უკრაინული თვითმფრინავიც. ცოცხალი ძალა, დაახლოებით, 1500 კაცამდე არის მობილიზებული. 1200 აქედან შს სამინისტროს თანამშრომლები არიან, დანარჩენი მოხალისეები არიან, რომლებიც ძალიან მხარში გვიდგანან,“ - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

აბასთუმნის ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მეხანძრე-მაშველებთან და ავიაციასთან ერთად მოხალისეებიც არიან ჩართულები. 

როგორც მოხალისეები აცხადებენ, ისინი ადგილზე კონკრეტულ კერებს დაამუშავებენ, ხოლო ინსტრუქტაჟს მათ მაშველები ადგილზე გაუწევენ. 

დღის ამბები