03 ოქტომბერი 2024,   08:33
ვრცლად
"ვალოდია, პომოგი!"- ანუ ქართველი პუტინისტები

"ვალოდია, პომოგი!" - ამ შინაარსის ვიდეო რგოლი აჭარაში სოფელ კირნათში თვენახევრის წინ გადაიღეს, თუმცა ვიდეო სოციალურ ქსელებში ცოტახნის წინ გამოჩნდა და მალევე წაიშალა. 

შეზარხოშებული მამაკაცების ხუმრობით, შესაძლოა მართლაც მხოლოდ იუმორისტული გადაცემები დაინტერესებულიყვნენ, რომ არა რამდენიმე გარემოება. წელს ზემოთ შიშველი ადამიანების შეძახილებმა, მათ მიერ გამოყენებულმა საპროტესტო პლაკატებმა, იმ ქვეყნის დროშის ფრიალმა, რომელსაც ჩვენი ტერიტორიების სოლიდური ნაწილი ოკუპირებული აქვს და ტრასაზე გამოგორებულმა, მივიწყებული ბელადის ბიუსტმა, ერთი შეხედვით უწყინარ გართობას, მწვავე პოლიტიკური ელფერი შესძინა. 

პოლიტიკურად დახუნძლული პერფორმანსის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე, სოფლის ყოფილი გამგებელი მურად ჯიხაძეც იყო, ამიტომ ვიდეოს გამოქვეყნებიდან ცოტა ხანში აქცია მიზანმიმართულ პროვოკაციად შეფასდა. 

თუმცა პრობლემა რაც ვიდეოში არის გაჟღერებული რეალურია. სოფლის მაცხოვრებლებს უკვე წლებია საკუთარ მიწებთან დაკავშირებით პრობლემები აქვთ. სოფელ კირნათიდან რამდენიმე კილომეტრში, თურქულმა კომპანია "ენერჯი 2007"-მა ჰესის მშენებლობა დაიწყო და იმ მიწის ნაკვეთებს, რომელსაც ეს ადამიანები ათწლეულებია ამუშავებენ, სულ მალე წყალი დაფარავს.

სახელმწიფომ, ამ მოსახლეობას მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია არამარტო გაუუქმა, არამედ მიწის თაღლითური გზით დაკანონების ბრალდებით 69 ოჯახის მიმართ, სისხლის სამართლის საქმეც კი აღძრა. "რუსთავი 2-ის" არქივში იმ აქციის კადრებია შემონახული, რომლითაც კირნათისა და მარადიდის მოსახლეობა, მათ მიმართ პროკურატურის მიერ სამართლებრივი დევნის დაწყებას აპროტესტებდა. 

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე კი "პოსტსკრიპტუმთან" საუბრისას ადასტურებს, რომ სადავო მიწების საკითხს ერთ თვეზე მეტია სპეციალური კომისია სწავლობს და ისინი დასკვნას უახლოეს მომავალში დადებენ, ხოლო კომპენსაციების გაცემასთან დაკავშირებით თურქულ მხარესთან მოლაპარაკებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

დღის ამბები