09 მაისი 2024,   01:28
ვრცლად
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით ისევ გაუფასურდა
ლარი გაუფასურებას განაგრძობს - გადამცვლელ პუნქტებში და კომერციულ ბანკებში ერთი დოლარის შესაძენად უკვე 2 ლარი 67 თეთრია საჭირო. ოფიცილაური კურსი კი დღის ბოლოს უკვე 2.6297-ით განისაზღვრა.
 
ჯერ კიდევ გუშინ კურსი 2.61 იყო. საბაზრო პანიკის საპასუხოდ, ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა და გაუფასურების პროცესი ბაზრის არასწორ მოლოდინებს დაუკავშირა.
 
ლარის ვარდნა არჩევნების შემდეგ დაიწყო და 21 ოქტომბრის შემდეგ თითქმის ყოველ დღე უფასურდება. შეადრებისთვის - არჩევნებამდე ერთი დოლარის ღირებულება ოფიციალური კურსით 2.48-ის ფარგლებში მერყეობდა. დღეს ამ თემაზე განმარტებები საქართველოს პარლამენტში გაკეთდა.

პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე ლარის კურსის გაუფასურებაში ხელისუფლებას ადანაშაულებს. გოცირიძე არსებულ ვითარებას „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ ერთ-ერთ ეპიზოდს ადარებს.

„ეს, დაახლოებით იმას ჰგავს, ზურიკელა რომ ამბობს, რომ ქარია, წვიმაა და დედამიწა ინგრევა და რომ ეტყვიან, თუ ასეა, რა გიხარია? აქ კიდევ პირიქით არის - ყველაფერი კარგად არის, ექსპორტი იზრდება, გადმორიცხვები იზრდება, ეკონომიკა იზრდება, მაშინ რატომ ჩამოგტირით სახე? მაშინ რატომ უფასურდება ლარი, თუ ყველაფერი კარგად არის?“ - აცხადებს რომან გოცირიძე.

პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარე, გიგი წერეთელი ლარის გაუფასურების თავიდან ასაცილებლად გამოსავლის გზებზე საუბრობს. მისი თქმით, ლარის გამყარებისთვის გადასახადების დაწევა ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი იქნება.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია აღნიშნავს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა საგანგაშო არ არის. მისი თქმით, ვალუტის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით არსებული ტენდენციების განმარტება ეროვნული ბანკის მოვალეობაა.

დღის ამბები