09 ოქტომბერი 2024,   12:27
ვრცლად
„დასავლეთი ცდილობს, უკრაინას ნატოში უბიძგოს,“ - სერგეი ლავროვი

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით სერგეი ლავროვი გამოვიდა. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა შეერთებული შტატები და ევროპა ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა და უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაციაში დასდო ბრალი.

„დასავლეთი ცდილობს, უკრაინას ნატოში უბიძგოს,“ -  ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, მიუნხენში გამოსვლისას განაცხადა.

“ჩვენი აზრით, ახლა ადგილი აქვს იმ პოლიტიკის კულმინაციას, რომელსაც დასავლელი კოლეგები დომინირების შენარჩუნებისა და ევროპის გეოპოლიტიკური სივრცის მიტაცებისთვის ატარებენ. ეს ეხება დსთ-ს ქვეყნებს და ჩვენს უახლოეს მეზობლებს. ისინი ითხოვდნენ არჩევანის გაკეთებას დასავლეთის სასარგებლოდ ან მის წინააღმდეგ. ეს არის თამაში ნულოვანი შედეგით. დასავლეთში სულ უფრო ხშირად ისმის ხმამაღალი მოწოდებები, გააძლიერონ კიევის მხარდაჭერა, მოამარაგონ სასიკვდილო იარაღით და ჩაითრიონ ნატო-ში.

"ჩვენ მხარს ვუჭერთ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას, მძიმე ტექნიკის გაყვანას და პირდაპირი მოლაპარაკების დაწყებას კიევსა და თვითგამოცხადებულ ლიდერებს შორის. სწორედ ამას ეხებოდა ვლადიმერ პუტინის ინიციატივები, რომელმაც მინსკის შეთანხმებამდე, ნორმანდიის ფორმატამდე და გუშინ კრემლში გამართული შეხვედრამდე მიგვიყვანა. ეს მოლაპარაკება გაგრძელდება დ მიგვაჩნია, რომ არსებობს ყველა საშუალება შედეგის მისაღებად. მთავარია, ყველამ გააცნობიეროს რისკის დონე,” – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის გამოსვლაში პარალელები საქართველოსა და 2008 წლის მოვლენებთანაც გაავლო.

"ჩვენ გვსურს ნორმალური ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან. უნდა მოვაგროვოთ ყველა ნამცეცი და ჰელსინკის შეთანხმებების საფუძველზე შევთანხმდეთ უსაფრთხოების ახალ სისტემაზე, სადაც ყველა კომფორტულად იგრძნობს თავს, მათ შორის უკრაინა, საქართველო და მოლდოვა. ის, რაც მოხდა ყირიმში, იყო ხალხის თვითგამორკვევა, როგორც ამას გაერო-ს წესდება ითვალისწინებს. რაც შეეხება აღმოსავლეთ უკრაინას და გარანტიებს, როგორც კი მთავარი მონაწილეები – კიევი და დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების წარმომადგენლები შეთანხმებიდან მინსკის დოკუმენტის ყველა პუნქტის შესრულებაზე, რუსეთი ამ პროცესის გარანტორი იქნება.

"საჭიროა პირდაპირი მოლაპარაკება იმ ხალხთან, ვინც იქ იბრძვის. მათთვის ეს წმინდა ომია საკუთარი მიწისთვის. ჩვენს უკრაინელ კოლეგებს არ უნდა ჰქონდეთ იმ წინდაუხედავი მხარდაჭერის იმედი, რომელიც მათ დასავლეთიდან აქვთ. კრიტიკულ ანალიზს მოკლებული მხარდაჭერა ზოგიერთებს თავს ურევს  ზუსტად ისე, როგორც ამ მხარდაჭერამ თავბრუ დაახვია 2008 წელს ბატონ სააკაშვილს. ყველამ კარგად იცის, რა შედეგი მოჰყვა ამას,“ - განაცხადა ლავროვმა.

მიუნხენში უკრაინის პრეზიდენტის გამოსვლას ელოდებიან. რომელსაც უკვე ჰქონდა პირისპირ შეხვედრები ამერიკის სახელმწიფო მდივანსა და  ვიცეპრეზიდენტთან. პეტრო პოროშენკო გერმანიის კანცლერ ანგელა მერკერსაც შეხვდა.

დღის ამბები