09 ოქტომბერი 2024,   12:32
ვრცლად
"ევროპა ფართომასშტაბიანი ომის რეალური საფრთხის წინაშე," - ფრანსუა ოლანდი

"ევროპა ფართომასშტაბიანი ომის რეალური საფრთხის წინაშე. თუ ჩვენ ვერ მოვახერხებთ გრძელვადიანი მშვიდობიანი შეთანხმების მიღწევას, მაშინ კარგად ვიცით, როგორ განვითარდება სცენარი. ამ სცენარს ომი ჰქვია," – ასეთი განცხადებით გამოვიდა საფრანგეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ.

უკრაინის კრიზისზე სასაუბროდ ფრანსუა ოლანდი რუსეთის პრეზიდენტს ანგელა მერკელთან ერთად შეხვდა.

ამ შეხვედრის შემდეგ გერმანიის კანცლერი ამბობს, რომ ეს მოლაპარაკებების ბოლო მცდელობა იყო.

„არავინ არის დაინტერესებული ევროპის ხელახალ დაყოფაში. ჩვენ გვსურს უსაფრთხოება რუსეთთან ერთად და არა რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ რუსეთმა უნდა შეიტანოს საკუთარი წვლილი უკრაინაში. შეუძლებელია ამ კონფლიქტის სამხედრო გზით მოგვარება, ამიტომ ჩვენ წინააღმდეგი ვართ უკრაინის შეიარაღების. სწორედ ამიტომ ახლა, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, გადავდგათ არსებითი ნაბიჯები, რომლებიც მინსკის შეთანხმების რეალიზებას შეუწყობს ხელს. გუშინდელი მოლაპარაკების შემდეგ, რომელიც მე და საფრანგეთის პრეზიდენტმა გავმართეთ, დამრჩა ეჭვები, რომ ის წარმატებულად შესრულდება. თუმცა, ჩვენი აზრით, უკრაინელი ხალხისთვის ცდა ღირდა,“ - აცხადებს მერკელი.

ამერიკის ვიცეპრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, კი ამბობს, რომ მსოფლიოს სურს, უკრაინაში სიტუაცია მშვიდობიანი გზით იყოს დარეგულირებული. თუმცა, პუტინი ხშირად იძლევა დაპირებებს, მაგრამ მისი შესრულების ნაცვლად ტანკებით მოდის.

„სამწუხაროდ, პრეზიდენტმა პუტინმა დასავლეთთან თანამშრომლობის ნაცვლად სხვა გზა აირჩია. ის არ სცემს პატივს მეზობელი ქვეყნების უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. პუტინის არჩევანია, რომ მსოფლიო დღეს სხვანაირია და არა ისეთი, როგორც 6 ან ორი წლის წინ იყო. ანგელა მერკელი და პრეზიდენტი ორლანდი იყვნენ კიევსა და მოსკოვში, რომ უკრაინის კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი გზა მოეძებნათ. მათ თქვეს, რომ ხალხის გადასარჩენად ცდა ღირდა. მაგრამ ჩვენ უნდა გავსაჯოთ რუსეთის ქმედებებით და ხელმოწერილი ქაღალდებით. ჩვენ უნდა ვუთხრათ პრეზიდენტ პუტინს, – ნუ გვეუნბნებით, საქმით გვაჩვენეთ. ხშირად ბატონი პუტინი მშვიდობას გვპირდება და ტანკებით, ჯარით და იარაღით მოდის. რუსეთს არ აქვს უფლება, აკეთოს ის, რასაც უკრაინაში აკეთებს. პუტინმა უნდა გააკეთოს უმარტივესი არჩევანი, – ან წავიდეს უკრაინიდან ან აღმოჩნდეს უარეს იზოლაციაში და წააწყდეს უარეს ეკონომიკურ პრობლემებს სახლში,“ - აცხადებს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯოზეფ ბაიდენი.

მიუნხენის კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა უკრაინის პრეზიდენტიც, რომელმაც მიუნხენში რუსული პასპორტები ჩაიტანა იმის დასამტკიცებლად, რომ უკრაინის ტერიტორიაზე სეპარატისტებთან ერთად რუსეთის მოქალაქეებიც იბრძვიან.

„ჩემი აზრით, ეს არის ჩვენი ბოლო შანსი. სწორედ ამიტომ ავიღეთ საკუთარ თავზე ინიციატივა. თუ ვერ მოვახერხებთ, რომ არამხოლოდ კომპრომისს, არამედ გრძელვადიან სამშვიდობო შეთანხმებას მივაღწიოთ, მაშინ ყველამ ვიცით, რა სცენარი გველოდება. ამ სცენარს აქვს სახელი და ეს სახელწოდება ომია,“ - აცხადებს საფრანგეთის პრეზიდენტი, ფრანსუა ოლანდი.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი სიტუაციის გამწვავებაში დასავლეთი დაადანაშაულა და თქვა, რომ უკრაინა საქართველოს შეცდომებს იმეორებს და მსგავსი შედეგისკენ მიდის.

ხვალ დაგეგმილია სატელეფონო საუბარი ნორმანდიული ოთხეულის ფარგლებში, სადაც გადაწყდება, მიიღებენ თუ არა მხარეები იმ სამშვიდობო გეგმას, რაზე კრემლში გუშინ იმსჯელეს. იმ შემთხვევაში კი, თუ მოლაპარაკებები არ შედგება, არ არის გამორიცხული აშშ უკრაინას თავდაცვითი იარაღის მიწოდებას დასთანხმდეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები