21 დეკემბერი 2024,   18:48
ვრცლად
ფოთს დატბორვის საფრთხე ემუქრება - წყალმარეგულირებელი შენობა ამორტიზებულია

ფოთში მცხოვრები მოსახლეობა წყალმარეგულირებელი შენობის ექსპერტიზას ითხოვს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ნაგებობის მთავარი ფუნქცია მდინარე რიონის შავ ზღვაში ჩადინების პროცესის დარეგულირებაა და ის უამინდობის დროს ფოთსა და ხობის რაიონის სოფლებს დატბორვისგან იცავს.

წყალმარეგულირებელი შენობა 1959 წელს აშენდა. დროებითი რეაბილიტაცია 2006 წელს ჩაუტარდა, რის შემდეგაც ის კაპიტალურად უნდა შეეკეთებინათ, თუმცა ფოთში ამბობენ, რომ მას შემდეგ ხიდი არც კი შეუმოწმებიათ. ნაგებობას ამჟამად თავისი ფუნქცია აქვს დაკარგული. ბოლო წლებში ჰიდროკვანძი გაიძარცვა. მწყობრიდან არის გამოსული სპეციალური დამცავი ფარებიც.

ფოთელები შიშობენ, რომ პირველივე ძლიერი წვიმის დროს ქალაქს საფრთხე ემუქრება.

შენობის ექსპერტიზის ჩატარებისა და რეაბილიტაციის მოთხოვნით, ფოთელებმა საინიციატივო ჯგუფიც შექმნეს და 4 ათასამდე ხელმოწერა შეაგროვეს. ხელმოწერები აღმასრულებელ ხელისუფლებასა და პარლამენტს ორი წლის წინ გადაეგზავნა, თუმცა დღემდე რეაგირება არ მოჰყოლია. 

 

 

ავტორი: სოფო ჭულუხაძე, ნინო გაზდელიანი

დღის ამბები