21 დეკემბერი 2024,   18:44
ვრცლად
"პოლიციაში ისევ გამოიყენება მეთოდები, როდესაც პირის დაკავებისას ახდენენ მათზე ზეწოლას" - ეკატერინე ციმაკურიძე

სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტს მესამე სექტორის წარმომადგენლები ეხმაურებიან. საუბარია ქურდობის მცდელობაში ბრალდებულ ორ მოქალაქეზე, რომლებიც აცხადებენ, რომ სამართალდამცველებმა ისინი ჯერ მოიტაცეს, შემდეგ სცემეს.

“ის ბრალდებები, რაც გაისმის ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ამას ცხადია სჭირდება გამოძიება. თუმცა, ჩვენ არ გვაქვს იმედი, რომ ეს შემთხვევა იქნება გამონაკლისი და ახლა მაინც გაეცემა ყველა არსებულ კითხვას პასუხი,“ - განაცხადა "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" იურისტმა გურამ იმნაძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები ობიექტური გამოძიების ჩატარებას მოითხოვენ და დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობენ.

“პოლიციაში ისევ გამოიყენება მეთოდები, როდესაც პირის დაკავებისას ახდენენ მათზე ზეწოლას, ფსიქოლოგიურ ან ფიზიკურ ზეწოლას, იმისთვის, რომ მიიღონ საჭირო ჩვენებები ან პირმა აღიაროს დანაშაული. პრობლემა ვერ გვარდება წლების განმავლობაში იმიტომ, რომ არ არსებობს უწყება, რომელიც დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად გამოიძიებს პოლიციის მხრიდან ჩადენილ დანაშაულს,“ - აღნიშნა "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" პროექტის კოორდინატორმა ეკატერინე ციმაკურიძემ.

დღის ამბები