21 დეკემბერი 2024,   18:44
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა მრავალწლიანი სასამართლო განხილვა ერთ კვირაში უნდა შეისწავლოს 

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმის გასაცნობად სახაზინო ადვოკატს ერთი კვირა აქვს. გადაწყვეტილება ამის შესახებ მოსამართლემ მიიღო. ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის საქმეს სასამართლო რამდენიმე წელია განიხილავს. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი დასკვნითი სიტყვით სასამართლოში 22 დეკემბერს უნდა წარსდგეს.

ადვოკატი საქმეს ერთ კვირაში უნდა გაეცნოს, მასალები შეისწავლოს და დასკვნითი სიტყვაც 7 დღეში უნდა მოამზადოს. ბრალდების საქმეზე დანიშნულმა იურისტმა საქმის შესასწავლად ერთი თვე ითხოვა, თუმცა მოსამართლემ ერთი კვირა მისცა.

საქმე, რომელსაც ადვოკატი დაჩქარებული წესით უნდა გაეცნოს, მიხეილ სააკაშვილის მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას ეხება. პროკურატურის მტკიცებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა დუმილის სანაცვლოდ, სანდრო გირგვლიანის საქმეზე ბრალდებულებს 2006 წელს წინასწარ მისცა დაპირება, რომ შეიწყალებდა და ამით საკუთარი კონსტიტუციური უფლებით ბოროტად ისარგებლა.

სასამართლოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა შეაფასეს. საქართველოს მესამე პრეზიდენტის თანამოაზრეების განცხადებით, გამამტყუნებელი განაჩენი სააკაშვილის ურაინიდან ექსტრადირებისთვის, საქართველოს ხელისუფლებას სასწრაფოდ სჭირდება. პოლიტიკური დევნის შეწყვეტის მოთხოვნით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.

ახალი იურისტი საქართველოს მესამე პრეზიდენტს მას შემდეგ დაუნიშნეს, რაც სააკაშვილმა სასამართლოს უნდობლობა გამოუცხადა და იურისტები პროცესიდან გაიწვია.

 

დღის ამბები