21 დეკემბერი 2024,   18:46
ვრცლად
შინა პატიმრობის შესახებ უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი კვლავ გადაიდო

შინა პატიმრობის შესახებ უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი კვლავ გადაიდო. სასამართლოს გადაწყვეტილებით პროცესი 11 იანვარს განახლდება.

სხდომის გადადებას წინ მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა უძღოდა. მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება გაამახვილა უფლებადამცველი ირინა ნოსტროვსკაიას მკვლელობაზე, რაშიც ბრალი ხელისუფლებას დასდო. ნოსტროვსკაიამ წერილით მიმართა პოლიციასაც და პროკურატურასაც, სადაც აღნიშნავდა, რომ მისი მკვლელობა იგეგმებოდა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, უკრაინასა და თბილისში მიმდინარე სასამართლო პროცესები ოლიგარქების შეთანხმების შედეგია.

„ვლადიმერ პუტინი არ მალავს, რომ ჩემი საქმითაა დაინტერესებული. პრესკონფერენციაზე 12-ჯერ ახსენა ჩემი სახელი. რუსეთის საგარეო უწყების სპიკერმა, ვიღაც მაშკამ თქვა, რომ უკრაინისთვის სირცხვილია, მე რომ თავისუფლად დავდივარ. მოსკოვიდანვე მიიღო ბრძანება ივანიშვილმა, რომ დაასრულოს ჩემი სასამართლო დღესვე, რასაც აკეთებენ კიდეც. დღესვე გამომიტანენ განაჩენს ყალბი ბრალდებების საფუძველზე. აშკარად, ერთმანეთს ემთხვევა უკრაინელი, ქართველი ოლიგარქების და ვლადიმერ პუტინის ინტერესები,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის ოპოზიციური პარტიების ლიდერებს გაერთიანებისკენ მოუწოდა. 

კიევის სააპელაციო სასამართლოდან მიხეილ სააკაშვილი სავარაუდოდ, საერთო სასამართლოსკენ გაემართება, სადაც სააკაშვილი საემიგრაციო სამსახურის წინააღმდეგ საქმის განხილვა გაიმართება.

დღევანდელ პროცესზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატები მისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭებას ითხოვენ.

 

ავტორი: ზურაბ ხვისტანი.

 

დღის ამბები