21 დეკემბერი 2024,   18:50
ვრცლად
გუდაური-კობის გზის მონაკვეთზე ზვავსაშიშროება მოხსნილია - სატვირთო ავტომობილების მძღოლები გზის გაწმენდას ელოდებიან

გუდაური-კობის გზის მონაკვეთზე ცოტა ხნის წინ მსუბუქი ავტომანქანებისთვის გზა გაიხსნა. დიდთოვლობის და ზვავსაშიშროების გამო, ათობით მანქანა უკვე სამი დღეა გაჩერებულია. სატვირთო ავტომობილების მძღოლები გზის გაწმენდას ელოდებიან.

სამუშაოები დღეს დილიდან დაიწყო, თუმცა, რა დრო დასჭირდება მოძრაობის სრულად აღდგენას ჯერ უცნობია.

ამ ეტაპზე გზა მხოლოდ მსუბუქი მანქანებისთვის გაიხსნა.

„დღეს დილიდან სინოპტიკური სიტუაციის გაუმჯობესებიდან გამომდინარე, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებს მოგვეცა საშუალება შემოვსულიყავით კობი-გუდაურის მონაკვეთზე. ეტაპობრივად ხდებოდა ზვავსაშიშროების შეფასება და მოხსნა. მოხსნას თან სდევდა გზის გაწმენდითი სამუშაოების განხორციელება. ამჟამად ზვავსაშიშროება მოხსნილია კობი-გუდაურის მონაკვეთზე და ავტოტრანსპორტის მუშაობა აღდგენილია,“ - განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის სპეციალისტმა იოსებ ქინქლაძემ. 

დღის ამბები