21 დეკემბერი 2024,   18:51
ვრცლად
თათია სამხარაძე შალვა რამიშვილის წინააღმდეგ - საქმე სამხარაძის სასარგებლოდ დასრულდა

თათია სამხარაძე შალვა რამიშვილის წინააღმდეგ - საქმე დაზარალებულის სასარგებლოდ დასრულდა. ჟურნალისტის სექსუალური შევიწროვების ბრალდებაში, სასამართლომ შალვა რამიშვილი დამნაშავედ სცნო და ჯარიმის სახით 2 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.

„ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ფაქტი დადასტურებულიყო, რაც იმას ნიშნავს, რომ რამიშვილის წინააღმდეგ სექსუალური შევიწროების ნაწილში 2 წლის თავზე სამართალმა პური ჭამა და ჩვენ ეს საქმე მოვიგეთ,“ - განაცხადა ჟურნალისტმა თათია სამხარაძემ.

თათია სამხარაძის თქმით, ამ გადაწყვეტილების შემდეგ ქალებს უფრო თავისუფლად შეეძლებათ სასამართლოსთვის მიმართვა.

თათია სამხარაძის ადვოკატი, მარი კურტანიძე იმედოვნებს, რომ საკანონმდებლო ორგანო სექსუალური შევიწროების თემატიკას ყურადღებას მიაქცევს და კანონმდებლობა დაიხვეწება.

„ქალთა მოძრაობის“ დამფუძნებელი, ბაია პატარაია აღნიშნავს, რომ სექსუალური შევიწროების საქმეების გადაწყვეტა მხოლოდ მოსამართლის აღქმაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული და კანონმდებლობაშიც უნდა აისახოს.

ჟურნალისტი, შალვა რამიშვილი აცხადებს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რის გამოც, მას ჯარიმის გადახდა დააკისრეს.

„თვითონ ქმედების იურიდიული შეფასება, რომელსაც მათ შევიწროება დაარქვეს, სასამარლოს არ მიუცია, შესაბამისად, სამოტივაციო ნაწილში იქნება ყველაფერი ძალიან კარგად განმარტებული, რატომ დამეკისრა, რა მოხდა და რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ. ამიტომ სექსუალური შევიწროების და დისკრიმინაციის საკითხი სარეზოლუციო ნაწილში არ ჩანს,“ - განაცხადა შალვა რამიშვილმა. 

დღის ამბები