26 დეკემბერი 2024,   16:01
ვრცლად
თემირლან მაჩალიკაშვილის ადვოკატი ახალგაზრდის დაზარალებულად ცნობის მოთხოვნით, დღეს პროკურატურას მიმართავს 

პროკურატურას მიმართავს დღეს მაჩალიკაშვილების ოჯახი და პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი ახალგაზრდის დაზარალებულად ცნობას მოითხოვს. თემირლან მაჩალიკაშვილის დაჭრასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს.

საუბარია სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე. დაჭრილის მამის მტკიცებით, სპეცოპერაციისას, გასროლის შემდეგ სპეცრაზმელებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რომელიც სწორედ მომხდარს უკავშირდებოდა.

„მთავარ პროკურატურას მივმართავთ, რომ ოფიციალურად იქნეს ცნობილი დაზარალებულად და აგრეთვე გამოვითხოვთ ინფორმაციას თუ რამდენად არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე, ვინაიდან, ჩვენ ეს პასუხი ოფიციალურად არ მიგვიღია, თუმცა სხვადასხვა წყაროებიდან ეს ვრცელდება, რა მუხლით უშუალოდ. დაცვის მხარე იწყებს ინტენსიურ გამოძიებას, დაკითხვის ოქმების წარმოებას, აგრეთვე ხელმეორედ პანკისის ხეობაში ჩასვლას ექსპერტთან ერთად,“ - განაცხადა თემირლან მაჩალიკაშვილის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა.

რაც შეეხება 19 წლის ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობას, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოს ექიმის ზაზა ლურსმანაშვილის განცხადებით, მაჩალიკაშვილის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმე რჩება.

„ზოგადი მდგომარეობა უცვლელია, კვლავ მძიმეა, თუმცა გარკვეული სტაბილიზაცია მიღწეულია. ჯერჯერობით ოფიციალურად არც დასტური და არც უარყოფა არცერთი კლინიკიდან არ მიგვიღია. ველოდებით ინფორმაციას ნებისმიერ დროს,“ - აცხადებს ზაზა ლურსმანაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები