საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტს ვეტოს უფლების გამოყენებისკენ მოუწოდებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. სამოქალაქო სექტორის თქმით, პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ზღუდავს ქვეყანაში დამოუკიდებელი მედიასაშუალებების განვითარებას და აზიანებს მედიაგარემოს. აღნიშნულ კანონს თავად უმრავლესობაშიც ჰყავდა ოპონენტები. გამოიყენებს თუ არა ვეტოს უფლებას მარგველაშვილი - პრეზიდენტს კიდევ ორი დღე აქვს მოსაფიქრებლად.
”15 იანვარი არის ის თარიღი, როდესაც პრეზიდენტი მიიღებს და გამოაცხადებს გადაწყვეტილებას კანონთან დაკავშირებით. ახლა მიმდინარეობს სამუშაო პროცესი, ამის შემადგენელი ნაწილია შეხვედრა მედია კოალიციასთან. მათ გამოხატეს სურვილი და ბუნებრივია ჩვენ ღია ვართ როგორც ამ, ასევე სხვა საზოგადოებრივ ჯგუფებთან შეხვედრისთვის. იყო გამოთქმული გარკვეული მოსაზრებები რომელიც არის დასაბუთებული, რა პრობლემებს შეიცავს აღნიშნული კანონი. ამ ყველა საკითხს გავივლით ჩვენ პრეზიდენტთან და სწორედ ამ განსჯის საფუძველზე იქნება საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული,“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა.
რეგიონული მაუწყებლობის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ნათია კუპრაშვილის თქმით, თუ კანონპროექტი არ იქნება ხელმოწერილი უმრავლესობას მეტი დრო ექნება დასაფიქრებლად.
“ეს არის პირველი კანონპროექტი, რომელზეც "ოცნების" აზრი ძალიან მკვეთრად გაიყო. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მოახერხა ის, რომ "ოცნება" გაყო ასე მკვეთრად. იცით, რომ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა ამ კანონპროექტს. ეს არის კომიტეტი, რომელიც იყო წამყვანი კომიტეტი. თუ არ იქნება ხელმოწერილი კანონპროექტი ვფიქრობ, რომ უმრავლესობას ექნება მეტი დრო უკეთესად გაერკვეს, რატომ არის ეს კანონი პრობლემური მედიაგარემოსთვის" - აღნიშნა კუპრაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, თუ პრეზიდენტი ვეტოს უფლებას გამოიყენებს, პარლამენტი გადაწვეტილებას განხილვის შემდეგ მიიღებს.
“ვეტოს დადება არის პრეზიდენტის უფლებამოსილება. ჩვენი უფლებამოსილება არის ამ ვეტოს განხილვა და ამის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას. წინასწარ ნუ ვიტყვით რა იქნება ჩვენი გადაწყვეტილება. ნებისმიერ ვეტოსთან დაკავშირებით პარლამენტმა უნდა იმსჯელოს, ამ შემთხვევაშიც გვექნება მსჯელობა და ამის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას" - განაცხადა კობახიძემ.