20 ნოემბერი 2024,   15:27
ვრცლად
თბილისის მერიაში მაღალჩინოსნებს ხელფასი გაუორმაგდებათ - სავარაუდოდ, გაორმაგდება პრემია-დანამატების მოცულობაც

თბილისის მერიაში მაღალჩინოსნებს ხელფასი გაუორმაგდებათ - დედაქალაქის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო უწყებაა, რომელმაც საჯარო სამსახურის შესახებ კანონში მიღებული ცვლილების განხორციელება დაიყო.

ხელფასებთან ერთად, სავარაუდოდ, ასევე, გაორმაგდება პრემია-დანამატების მოცულობაც. ახალი კანონი შესაძლებლობას იძლევა დამატებით პრემია ან ფულადი ჯილდო უკვე გაზრდილ ხელფასზეც გაიცეს. დამატებითი ანაზღაურების შესახებ კი გადაწყვეტილებებს უშუალოდ თბილისის მერი კახა კალაძე მიიღებს.

კალაძემ დღეს არ უარყო, რომ გაზრდილ ხელფასებთან ერთად მისი გუნდი მერიაში, პრემიებსაც მიიღებს, თუმცა, საპირისპიროს ამტკიცებენ თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ წევრები.

მმართველ პარტიაში პირობად დებენ, რომ მერის მოადგილეები გაორმაგებულ ხელფასებთან ერთად სხვა სახელფასო დანამატებით ვეღარ ისარგებლებენ.

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ახალ კანონს მთავრობის წევრები პირადი კეთილდღეობისთვის გამოიყენებენ და მათი ყოველთვიური შემოსავალი კიდეც უფრო მეტად გაიზრდება.

თბილისის ბიუჯეტის 11 პროცენტი, 82 მილიონ ლარზე მეტი მხოლოდ ხელფასებზე იხარჯება.

განკარგულება მერიის მაღალჩინოსნებისთვის ხელფასების გაორმაგების შესახებ საკრებულომ მომავალ კვირას უნდა დაამტკიცოს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები