09 ოქტომბერი 2024,   12:29
ვრცლად
ვლადიმერ პუტინი მინსკში გაემგზავრა, ანგელა მერკელი გზაშია

ვლადიმერ პუტინი მინსკში გაემგზავრა. ეს ინფორმაცია კრემლის პრესსამსახურმა დაადასტურა.

ბელორუსის დედაქალაქში რუსეთის პრეზიდენტის გამგზავრებაზე სერგეი ლავროვმაც განაცხადა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უკრაინის კრიზისის მოგვარება მხოლოდ მოლაპარაკების გზით არის შესაძლებელი და ურჩევს ოფიციალურ კიევს, ცეცხლის შესაწყვეტად სეპარატისტების ლიდერებთან პირდაპირი დიალოგი აწარმოოს.

„უკრაინის კრიზისის სამხედრო გზით მოგვარება შეუძლებელია. ვლადიმერ პუტინი მიიღებს მონაწილეობას მინსკიდ ე.წ. ნორმანდიის სამიტში. ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ გვინდოდა ასეთი შეხვედრის ორგანიზება იმის გათვალისწინებით, რომ სამიტის მომზადებამდე საკითხი ექსპერტულ დონეზე განიხილებოდა, რის შემდეგაც საბოლოო სიტყვას უკვე ლიდერები იტყოდნენ. ექსპერტები უკვე მუშაობენ და პროგრესი შეინიშნება. იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა–რუსეთის საზღვრის პერიმეტრზე, რომელსაც მეამბოხეები აკონტროლებენ, კიევს კონტროლის აღდგენა სურს, ამაზე პირდაპირ უნდა შეუთანხმდნენ დონეცკისა და ლუგანსკის წარმომადგენლებს,” - აცხადებს რუსეთის მთავარი დიპლომატი, სერგეი ლავროვი.

შეხვედრაში მონაწილეობისთვის მინსკში უკვე მიფრინავს ანგელა მერკელიც. ეს ფაქტი უკვე დაადასტურეს გერმანიის მთავრობაში. თუმცა ბერლინში მოლაპარაკების შინაარსთან დაკავშირებით დამატებითი კომენტარებისგან თავს იკავებენ.

„ის ფაქტი, რომ მინსკში შეხვედრა იმართება, მხოლოდ მცირე იმედს იძლევა და სხვა არაფერს. როგორც ანგელა მერკელმა საჯაროდ განაცხადა, ჯერ კიდევ გაურკვეველია, მოჰყვება თუ არა ამ მოლაპარაკებას რაიმე შედეგი. თუმცა ცდა საჭიროა უკრაინელი ხალხის ინტერესების დასაცავად. გერმანულ-ფრანგული ინიციატივა, რომელმაც მინსკის შეხვედრამდე მიგვიყვანა, შემუშავდა სპეციალურად იმისთვის, რომ სისხლისღვრა შეჩერდეს. ეს არის მთავარი მიზანი. მოლაპარაკების დეტალებზე სხვას ვერაფერს ვიტყვი,” - განაცხადა გერმანიის მთავრობის სპიკერმა.

 

დღის ამბები