09 ოქტომბერი 2024,   12:29
ვრცლად
"კიევმა უნდა გააგრძელოს მუშაობა ვაშინგტონთან თავდაცვითი შეიარაღების მისაღებად," - სააკაშვილის პირველი განცხადება მრჩევლად დანიშვნის შემდეგ

"კიევმა უნდა გააგრძელოს მუშაობა ვაშინგტონთან თავდაცვითი შეიარაღების მისაღებად," - ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში "რეფორმების საერთაშორისო საბჭოს" თავმჯდომარედ დანიშვნის შემდეგ გააკეთა.   

საბჭოს ჩამოყალიბებისა და მის თავმჯდომარედ საქართველოს ექსპრეზიდენტის დანიშვნის შესახებ ბრძანებას პეტრო პოროშენკომ ხელი გუშინ მოაწერა. ბრძანების გამოქვეყნების შემდეგ კი სააკაშვილმა  მონაწილეობა მიიღო გადაცემა "შუსტერ ლაივში" და იმის შესახებ ისაუბრა, თუ ქვეყანას პირველ რიგში რის გაკეთებას ურჩევს. 

"როგორც კი ობამამ და ამერიკელებმა თქვეს, რომ მზად არიან, უკრაინას იარაღი მიაწოდონ, პუტინს მაშინვე გაახსენდა ავღანეთის ომი. ახსენდება დაბალი ფასები ნავთობზე და ამერიკული რაკეტები, რომლებმაც რეალურად შეცვალა ავღანეთის ომის ლოგიკა. შედეგად საბჭოთა კავშირი, რომელიც გაცილებით უფრო ძლიერი სახელმწიფო იყო, ვიდრე ახლა რუსეთია, ამ ომში დამარცხდა. ახლა პუტინს დეჟავუ ჰქონდა. წარმოიდგინეთ სიტუაცია, რომ რუსულ ტანკებს ამერიკული რაკეტებით ანადგურებენ. რუსეთისთვის ეს ფსიქოლოგიური კატასტროფაა. ამიტომაც პუტინი წავიდა მოლაპარაკებაზე იმ იმედით, რომ მოახერხებდა დასავლეთის გასულელებას.

"სამიტის შემდეგ გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, რას იტყოდა ვაშინგტონი და იქ განაცხადეს, რომ ჩვენ მაინც გავაგრძელებთ მუშაობას უკრაინის შეიარაღებაზეო. ჩვენ ყველამ ერთად ამ მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ. ყველასთვის გასაგებია, რომ პუტინი არ გაჩერდება. მაგრამ პუტინმაც იცის უკვე, რომ, როდესაც შემდეგ შეტევაზე წავა, ეს უკვე აღარ იქნება რუსეთ–უკრაინის ომი. ეს იქნება მისი ომი მთელს დასავლეთთან და აქ ის ვეღარ გაიმარჯვებს. ჩვენ ზავის ყოველი დღე უნდა გამოვიყენოთ და მოვიგოთ მშვიდობა. დღე და ღამე არ უნდა დავიძინოთ და გავაძლიეროთ ქვეყნის არმია და ეკონომიკა, რაშიც დაგეგმილი რეფორმები დაგვეხმარება," - განაცხადა სააკაშვილმა. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები