09 ოქტომბერი 2024,   12:29
ვრცლად
დონბასში მინსკის შეთანხმების ამოქმედების ნიშნები ჯერ არ შეიმჩნევა

უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში ცეცხლის შეწყვეტამდე რამდენიმე საათია დარჩენილი, თუმცა დონბასში მინსკის შეთანხმების ამოქმედების ნიშნები ჯერ არ შეიმჩნევა.

მინსკის მოლაპარაკებების შემდეგ პრორუსმა სეპარატისტებმა იერიშები კიდევ უფრო გაახშირეს. ისინი ამ დრომდე აგრძელებენ სამთავრობო ძალების პოზიციებისა და დასახლებული რაიონების დაბომბვას.

პრორუსმა სეპარატისტებმა სამთავრობო ძალების პოზიციებზე იერიში ღამის განმავლობაში 34–ჯერ მიიტანეს.

დილიდან აფეთქებების ხმა დონეცკში ისმოდა.

ინტენსიური შეტევები გრძელდება დებალცევოსთან და მარიუპოლთან.

უკრაინის თავდაცვის სამინიტროში ვარაუდობენ, რომ პრორუსი მებრძოლების მთავარი მიზანი ცეცხლის შეწყვეტამდე სწორედ ამ სტრატეგიული ქალაქების დაკავებაა. გუშინ ჭურვები ქალაქ არტემოვსკში სკოლისა და საბავშვო ბაღის შენობას მოხვდა. შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 7 წლის ბავშვიც.

გაერო-ში უკრაინის ელჩის თქმით, მინსკის მოლაპარაკების პარალელურად უკრაინის საზღვარი 100–მდე რუსულმა ტექნიკამ გადაკვეთა.

უკრაინის პრეზიდენტი, პეტრე პოროშენკო, ღიად აცხადებს, რომ მინსკში მიღწეული შეთანხმება საფრთხის ქვეშაა.

"მინსკში მიღწეული შეთანხმების შემდეგ იერიში ქალაქ არტემოვსკზე მიიტანეს, რომელიც ფრონტის ხაზიდან 30 კილომეტრით არის დაშორებული და საერთოდ არ არის ჩართული სამხედრო ოპერაციის ზონაში. ეს არის თავდასხმა არამარტო უკრაინის მოქალაქეებზე, არამედ თვითონ მინსკის შეხვედრის შედეგებზე. ამ შეთანხმების შემდეგ რუსეთის შეტევები მნიშვნელოვნად გაძლიერდა, რის გამოც ვფიქრობთ, რომ მინსკის შეთანხმება დიდი საფრთხის ქვეშაა," - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები