09 ოქტომბერი 2024,   12:27
ვრცლად
პოროშენკოს ბრძანება სააკაშვილის დანიშვნაზე ორშაბათს შევა ძალაში

უკრაინის "რეფორმირების საერთაშორისო საკონსულტაციო საბჭოს" ხელმძღვანელად დანიშვნის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ის დარწმუნებულია, რომ კიევმა ვაშინგტონთან მუშაობა თავდაცვითი შეიარაღების მიღებაზე უნდა გააგრძელოს.

"რეფორმების საერთაშორისო საბჭოს" ჩამოყალიბებისა და მის თავმჯდომარედ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დანიშვნის შესახებ ბრძანებულებას პეტრო პოროშენკომ ხელი გუშინ ღამით მოაწერა.

მიხეილ სააკაშვილმა პეტრო პოროშენკოს გამოცხადებული ნდობისათვის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ უკრაინაში დაგეგმილი რეფორმები რეგიონის პოლიტიკურ პროცესებზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.

უკვე ცნობილია, რომ სააკაშვილს კიევში მუშაობისთვის უკრაინის მოქალაქეობის მიღება არ დასჭირდება და ის საქართველოს მოქალაქედ რჩება.

სწორედ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ურთიერთობის და რეფორმირების მრავალწლიანი გამოცდილების გამო, „ნაციონალურ მოძრაობაში“ დარწმუნებულები არიან, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინას რუსული ზეგავლენისგან გათავისუფლებაში დაეხმარება.

„თავისუფალ დემოკრატებში“ კი მიიჩნევენ, რომ სააკაშვილის დანიშვნა უკრაინის მთავრობის სუვერენული უფლებაა, მაგრამ ის გარკვეულ უხერხულობას შექმნის ორი ქვეყნის ურთიერთობაში.

უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ შეფასებას ორშაბათს გააკეთებს.

ორშაბათსვე პეტრო პოროშენკოს ბრძანება მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის შესახებ ძალაში ოფიციალურად შევა.

ამავე თემაზე
დღის ამბები