09 მაისი 2024,   01:30
ვრცლად
ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების საკითხი - ერგნეთში შეხვედრა ამ დრომდე არ დაწყებულა

ჯიოევი ქემოკლიძეს პირისპირ შეხვდა - ერგნეთში შეხვედრა ამ დრომდე არ დაწყებულა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში მორიგი შეხვედრის დაწყება ვერ ხერხდება. შეხვედრა 11:00 საათზე უნდა დაწყებულიყო. 

უცნობია, რა არის შეხვედრის დაწყების შეფერხების მიზეზი.

ადგილზე ოკუპირებული რეჟიმის წარმომადგენელი მურატ ჯიოევიც იმყოფება, თუმცა მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან ამ დრომდე არ დამსხდარან. 

ქართული მხარის განცხადებით, შეხვედრა არ ჩაიშლება, თუმცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი არ აკონკრეტებს რატომ ჭიანურდება მოლაპარაკების დაწყება.

ცოტა ხნის წინ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელი სახელმწიფო უსაფრთხოების ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს კახაბერ ქემოკლიძე პირისპირ შეხვდა.

განხილვის მთავარი თემა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების საკითხი უნდა იყოს.  დღეს უნდა დასახელდეს თარიღი, როდის გადმოსცემენ ცხინვალის ციხეში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს მის ოჯახს. 

ქართული მხარე ასევე უკანონო პატიმრობაში მყოფი ორი ქართველის, ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს. 

,,ცენტრალური მთავრობის პრინციპული საკითხი არის არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის დაბრუნება ოჯახისთვის.

მეორე საკითხი, რაზეც აუცილებლად ვისაუბრებთ ეს იქნება ახალგორში მყოფი მოქალაქეების ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საკითხი,“- განაცხადა სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ კახაბერ ქემოკლიძემ.

დღის ამბები