20 ნოემბერი 2024,   11:32
ვრცლად
„განაცხადი თავშესაფრის მინიჭებაზე იქნება უარყოფილი და ყველა ქართველი დაბრუნდება საქართველოში...იძულების წესითაც კი“ - გერმანიის შსს-ს წარმომადგენელი

თითქმის ყველა განაცხადი თავშესაფრის მინიჭებაზე იქნება უარყოფილი და ყველა ქართველი დაბრუნდება საქართველოში - თუ საჭირო გახდა იძულების წესითაც კი - ეს განცხადება, გერმანიის შს სამინისტროს წარმომადგენელმა ქრისტიან კლოსიმ  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა. 

შეხვედრაზე უვიზო მიმოსვლის ფარგლებში საქართველოს მოქალაქეების მიგრაციასა და სხვა პრობლემებზე ისაუბრეს. 

საქართველოს მოქალაქეების გერმანიიდან მასობრივი დეპორტაციის შემდეგ ქვეყნის შს სამინისტროს წარმომადგენლები საქართველოში პირველად ჩამოვიდნენ.

მათ მმართველი გუნდის წევრებთან შეხვედრისას კრიმინალის ზრდის საფრთხეებსა და თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის გაზრდაზე ისაუბრეს, რაც მათივე შეფასებით, საქართველოს უვიზო მიმოსვლის შენარჩუნებას საფრთხეს უქმნის.

,,საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე ვისაუბრეთ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შენარჩუნების საკითხზე, რაც ჩვენი საერთო მიზანია. ჩვენი პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ გასული თვეების განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი. საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა და ამიტომ გერმანიაში არ მიგვაჩნია, რომ თავშესაფრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

სწორედ ამიტომ თითქმის ყველა განაცხადი თავშესაფრის მინიჭებაზე იქნება უარყოფილი და ყველა ქართველი დაბრუნდება საქართველოში - თუ საჭირო გახდა იძულების წესითაც კი. მათ აეკრძალებათ შენგენის ზონაში ხელახლა შესვლა,""-განაცხადა გერმანიის შს სამინისტროს წარმომადგენელმა ქრისტიან კლოსიმ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, გერმანიის შს სამინისტროს წარმომადგენლების თქმით, საქართველოს მოქალაქეებს თავშესაფარი არ მიენიჭებათ, რადგან გერმანია საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად თვლის.

ვახტანგ მახარობლიშვილის განცხადებით, მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია, თუ რა ზომებს იღებენ იმისათვის, რომ  საქართველოს ვიზალიბერალიზაციას საფრთხე არ დაემუქროს.

ამავე თემაზე
დღის ამბები