18 ნოემბერი 2024,   00:21
ვრცლად
რუსეთს არ აწყობს, რომ ტატუნაშვილის საქმეზე ჭეშმარიტება დროზე დადგინდეს - მმართველი გუნდი ბიბილოვის განცხადებას ეხმაურება

საპარლამენტო უმრავლესობა ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება. საუბარია , ანატოლი ბიბილოვის განცხადებაზე, რომელმაც თქვა, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ოჯახს ექსპერტიზის დასრულებამდე არ გადმოსცემენ. ექსპერტიზას კი მინიმუმ ერთი თვე სჭირდება.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის ეს განცხადება ეწინააღმდეგება საერთაშორისო ნორმებს. მამუკა მდინარაძის თქმით, მიუხედავად ბიბილოვის განცხადებებისა, ქართული მხარე აგრძელებს მუშაობას არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებისთვის.

„ე.წ. პრეზიდენტის განცხადება არის აბსოლუტურად მიუღებელი. ის ეწინააღმდეგება ყველა საერთაშორისო ნორმას, ყველა საერთაშორისო სტანდარტს. მიუხედავად ასეთი არალეგიტიმური განცხადებებისა,  ქართული სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში იქნას გადმოსვენებული თავის ოჯახში არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი,“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ

ექსპერტიზის ვადებით მანიპულირებას უწოდებს ანატოლი ბიბილოვის  განცხადებას, გედევან ფოფხაძე. მმართველი გუნდის დეპუტატის თქმით, დეფაქტო ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ ამ საკითხს ძალიან დიდი საზოგადოებრივი მნიშვნელობა აქვს.

მისივე განცხადებით, რუსეთის ინტერესებში არ არის, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს გადმოეცეს.

„რუსეთს არ აწყობს არც ის, რომ ობიექტური ჭეშმარიტება დროზე დადგინდეს მომხდართან დაკავშირებით და არც ის , რომ მშვიდობა იყოს რეგიონში. და რაც უფრო მეტი მტრობა გაჩნდება ოსებსა და ქართველებს შორის , ამაზე სპეკულირებით უნდათ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ხელი შეუშალონ,“-განაცხადა გედევან ფოფხაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები