ოკუპირებული ცხინვალი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახისთვის გადაცემას მინიმუმ ერთი თვე არ აპირებს. ამის შესახებ განცხადება, საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტმა ჟენევის თანათავმჯდომარეებთან შეხვედრისას გააკეთა.
ანატოლი ბიბილოვმა თქვა, რომ ცხედარს ექსპერტიზა უტარდება და ამ პროცესს დაახლოებით ერთი თვე სჭირდება.
ოკუპირებულ ცხინვალში გაკეთებულ განცხადებებს, რომ ტატუნაშვილის ცხედარს ოჯახი კიდევ რამდენიმე კვირა ვერ მიიღებდა, დუმილით შეხვდნენ ყოფილი სამხედროს ოჯახში. ქართულმა სამღვდელოებამ კი რომელმაც ტატუნაშვილის გადმოცემაში დახმარება რუსეთის პატრიარქს სთხოვა დღეს განაცხადა, რომ თუ ცხედარს 2 დღეში არ გადმოსცემენ ისინი განმეორებით თხოვნას მოსკოვში აღარ გააგზავნიან.
შეხვედრაზე ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ლიდერმა არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებულ ორ მოქალაქეზეც ისაუბრა და თქვა, რომ მათ თავად არ სურთ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნება.
პატრიოტთა ალიანსის წევრი კონსტანტინე მორგოშია კი ყვება, რომ პირადი გავლენიანი ნაცნობების დახმარებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე 2 დღიან ვადაში მათ საბუთებს დაუბრუნებენ და თავისუფლად გადაადგილების საშუალებას მისცემენ.