საქართველოს ცემენტის ასოციაციის კვლევის შედეგებით, ცემენტის დიდი ნაწილი, რომელიც ქართულ ბაზარზე იყიდება, ფალსიფიცირებულია. ანონიმურად შესწავლილი სამშენებლო მასალის 25 ნიმუშიდან 14 უხარისხო აღმოჩნდა.
არასამთავრობო ორგანიზაციაში ვარაუდობენ, რომ ყოველწლიურად 300 ათასი ტონა ფალსიფიცირებული ცემენტი იყიდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სამშენებლო მასალის დაბალი ხარისხით გამოწვეულ პრობლემას საკუთარ თავზე, დაახლოებით, 120 ათასი ოჯახი იგრძნობს.
ექსპერტების თქმით, მწარმოებლები ხარისხიანი ცემენტისათვის საჭირო ნედლეულის ნაცვლად, იაფფასიან მასალებს იყენებენ, უხარისხო სამშენებლო მასალით აშენებული შენობა კი მცირე სეისმური აქტივობის დროსაც დაინგრევა. ბაზრის მსხვილი მოთამაშეები კი ხელისუფლებას პრობლემის გადაჭრას კანონის გამკაცრებით სთხოვენ.
ევროკავშირის რეგულაციის თანახმად, ბაზარზე უხარისხო სამშენებლო მასალა ვეღარ მოხვდება. სახელმწიფოს 3 წელზე ცოტა მეტი დრო აქვს დარჩენილი, რომ ბაზრიდან კუსტარულ წესით დამზადებული სამშენებლო მასალა ამოიღოს.
ხელისუფლებას ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა რეკომენდაციები გადაუგზავნა და უხარისხო სამშენებლო მასალის კონტროლის გაძლიერება მოითხოვა.
საქართველოში სულ 30 მდე ცემენტის დაფქვის საამქრო ფუნქციონირებს. დღემდე არ არსებობს სპეციალური სამსახური, რომელსაც ცემენტისა და სხვა სამშენებლო მასალების ხარისხის კონტროლი ევალება.