20 ნოემბერი 2024,   11:20
ვრცლად
არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენებაზე ბიბილოვის განცხადებას, საქართველოს პარლამენტში კრიტიკული რეაქცია მოჰყვა 

ანატოლი ბიბილოვის განცხადებას, რომ ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემას საოკუპაციო რეჟიმი ერთი თვე არ აპირებს, საქართველოს პარლამენტში კრიტიკული რეაქცია მოჰყვა.  საოკუპაციო რეჟიმის ლიდერის პოზიციას დეპუტატები ცინიკურს და შეურაცხმყოფელს უწოდებენ და საპასუხო ნაბიჯებს გეგმავენ.  

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ საერთაშორისო ფორმატში მუშაობა გაგრძელდება, რათა არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტებზე საერთაშორისო ინტერესი მაღალი იყოს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რა განცხადებებს აკეთებენ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტი რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუციას მაინც მიიღებს. 

„იქნება ერთი მხრივ, შეფასებები ადამიანის უფლებების ამ უმძიმეს დარღვევებთან დაკავშირებით და მეორე მხრივ, იქნება კონკრეტული ქმედებები მოთხოვნილი, რაც უკავშირდება საფუძვლიანი გამოძიების ჩატარებას, საერთაშორისო მონიტორინგის დაშვებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მომავალში პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდეს. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ყველა საერთაშორისო ფორმატში, რომ გიგა ოთხოზორიას და არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებზე საერთაშორისო ინტერესი დარჩეს მაღალი“,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ.

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, მიუხედავად ბიბილოვის განცხადებებისა, ქართული მხარე აგრძელებს მუშაობას არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებისთვის.

"ევროპული საქართველო“ წევრები ოთხოზორიას და ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებული პირების წინააღმდეგ სანქციების შემოღების აუცილებლობაზე საუბრობენ. გიორგი კანდელაკმა ბიბილოვის განცხადება საქართველოს შეურაცხყოფად მიიჩნია. 

 

 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები