18 ნოემბერი 2024,   00:37
ვრცლად
"ღამის ეკონომიკა" - კახა კალაძის ღამის თბილისის პროექტი კრიტიკის მიზეზი გახდა 

”ღამის ეკონომიკა” - არჩევნებიდან 6 თვის შემდეგ, თბილისის მერი ქალაქის ღამის ცხოვრების პოპულარიზაციას იწყებს. ფრაზა, რომელმაც დღეს მთელი თბილისი აალაპარაკა, ახალი პროექტის სახელწოდებაა. კახა კალაძეს სურს, ღამის ცხოვრება ცენტრალური ტურისტული ქუჩების გარდა, გარეუბნებშიც უნდა განვითარდეს.

„ღამის ეკონომიკის“ განვითარებისთვის რამდენიმე კაციანი გუნდი იმუშავებს, ჯერ მხოლოდ ამ ჯგუფის ხელმძღვანელის ვინაობაა ცნობილი. თბილისის ღამის ცხოვრების პოპულარიზაცია მუსიკოს სერგი გვარჯალაძეს ჩააბარეს.

თბილისის საკრებულოს უმრავლესობას სურს, რომ ღამის ცხოვრება მეზობელი ქვეყნებიდან შემოსული ტურისტებისთვის მიმზიდველი გახდეს, თუმცა ისინი პროექტის დეტალებზე არ საუბრობენ.

კახი კალაძის დღევანდელმა განცხადებამ, საკრებულოს ოპოზიცია ხუმრობის ხასიათზე დააყენა. „ევროპული საქართველოს“ წევრები ფიქრობენ, რომ მერმა ღამის ეკონომიკის გარდა, დილის და შუადღის ეკონომიკურ კონცეფციაზეც უნდა იმუშაოს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ კი ახალ პროექტს კალაძის მორიგი ტყუილად აფასებენ.

ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტი მოსწონთ, თუმცა საკუთარი შენიშვნები აქვთ სპეციალისტებს. ივენთმენეჯერი თამარ დოლაბერიძე მთავარ პრობლემად, მაღალ გადასახადებს ასახელებს. კიდევ ერთი პრობლემა თბილისში გასართობ ობიექტებში ხმაურის შეზღუდვა სახელდება.

ახალი კონცეფცია 1 თვეში უნდა დაიწეროს, სპეციალური ჯგუფი თბილისის მერიაში შეიქმნება.

დღის ამბები