საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა 2017 წელს პირველი ამხანაგური შეხვედრა უზბეკეთის ნაკრების წინააღმდეგ დუბაიში გამართა და მეტოქესთან შედეგიანი ფრე - 2:2 ითამაშა.
პირველი ტაიმის დამატებულ წუთებზე უზბეკი ფეხბურთელები დაწინაურდნენ, მეორე ნახევარში კი თეიმურაზ შონიამ ანგარიში გაათანაბრა, საბა ლობჟანიძემ კი ეროვნული გუნდი დააწინაურა. უზბეკმა ფეხბურთელებმა მაინც მოახერხეს წონასწორობის აღდგენა და მატჩი ფრედ დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველო დუბაის შეკრებაზე გადახალისებული შემადგენლობით ასპარეზობს, გუნდის ძირითად ბირთვს ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელები შეადგენენ. უზბეკეთთან ვლადიმერ ვაისმა ნაკრები შემდეგი შემადგენლობით ათამაშა - როინ კვასხვაძე, უჩა ლობჟანიძე, დავით ხოჭოლავა, საბა ლობჟანიძე (82, გიორგი ხარაიშვილი), ბაჩანა არაბული (57, ლაშა პარუნაშვილი), ბუდუ ზივზივაძე, ოთარ კიტეიშვილი (89, გიორგი პაპუნაშვილი), ბექა ტუღუში (70, ლადო დვალიშვილი), ლაშა შერგელაშვილი (89, ჯიმი ტაბიძე), გიორგი რეხვიაშვილი, თეიმურაზ შონია (83, ოლეგ მამასახლისი).
შემდეგ ამხანაგურ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 25 იანვარს იორდანიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამართავს.
ფოტო: GFF