NBA-ს ყველა ვარსკვლავის გამოკითხვაში გულშემატკივრებთან ერთად კალათბურთელები და მედიის წარმომადგენლებიც იღებდნენ მონაწილეობას. გულშემატკივართა გამოკითხვაში საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, ზაზა ფაჩულიამ 1 528 941 ხმით მეორე ადგილი დაიკავა. მედიის წარმომადგენლებმა ფაჩულიას მე-10 პოზიცია მიანიჭეს, ხოლო კალათბურთელთა შორის ჩატარებულ ხმის მიცემის პროცედურაში ქართველი მე-12 ადგილზე გავიდა.
NBA-მ გამოაქვეყნა კალათბურთელთა ხმის მიცემის დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, ზაზამ 324 გამოკითხული კალათბურთელიდან 19 ხმა მიიღო, საშუალოდ 6.5 ქულა. ცნობილი კალათბურთელებიდან ფაჩულიას მხარი რუდი გობერმა, დირკ ნოვიცკიმ, ბლეიკ გრიფინმა და პაუ გასოლმა დაუჭირეს.
შეგახსენებთ, რომ ზაზა ფაჩულია კვლავ ინარჩუნებს პრესტიჟულ შეხვედრაში მონაწილეობის შანსს. ამისთვის დასავლეთ კონფერენციის გუნდის მწვრთნელმა, სტივ კერიმ, რომელიც ამავდროულად ფაჩულიას მწვრთნელია გოლდენ სტეტის შემადგენლობაში, კიდევ 7 მონაწილე კალათბურთელი უნდა დაასახელოს და სწორედ მის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული ითამაშებს თუ არა საქართველოს ნაკრების კაპიტანი ყველა ვარსკვლავის მატჩში.