საქართველოს ნაკრებმა დუბაის შეკრებაზე ორი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა. ჯერ უზბეკეთთან ფრე 2:2 ითამაშა, დღეს კი იორდანიის ნაკრებთან დამარცხდა. ვლადიმირ ვაისის გუნდი ოპტიმალური შემადგენლობით არ იმყოფებოდა შეკრებაზე და ეროვნული გუნდის ბირთვს საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელები შეადგენდნენ და ალბათ, წარუმატებელი შეკრების გამართლებას ამ არგუმენტით ეცდებიან - ამიტომ შემოგთავაზებთ იორდანიის ნაკრების მოკლე ანალიზს, რომელსაც ევროპაში ერთადერთი ლეგიონერი ჰყავს.
იორდანია FIFA-ს რეიტინგში 107-ე ადგილს იკავებს, საქართველო კი 121-ე პოზიციაზეა. იორდანიას რუმინეთის ჩემპიონატში ჰყავს ლეგიონერი - თავდამსხმელი ტაჰერ ბავაბი გაზ მეთანიას ღირსებას იცავს. გუნდი ძირითადად ადგილობრივი ჩემპიონატის ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული და მის ლიდერად მეკარე ამერ შაფი ითვლება, რომელსაც ნაკრებში 135 ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული. ასევე, გამოსარჩევია ჰამზა ელ-დარდური, რომელმაც დღეს საქართველოს გოლი გაუტანა.
აღსანიშნავია, რომ იორდანიას საქართველოს ნაკრებთან შეხვედრამდე ზედიზედ 9 მატჩში არ ჰქონდა გამარჯვება მოპოვებული და ეს წარუმატებელი სერია სწორედ ჩვენს ნაკრებთან დაასრულდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა დუბაის შეკრებაზე ასეთი შემადგენლობით იასპარეზა;
მეკარეები: როინ კვასხვაძე (ტორპედო), ომარ მიგინეიშვილი (სამტრედია), ოთო გოშაძე (საბურთალო);
მცველები: თორნიკე გრიგალაშვილი (ჩიხურა), დავით ხოჭოლავა (ჩერნომორეცი, უკრაინა), გიორგი რეხვიაშვილი (ლოკომოტივი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია), უჩა ლობჟანიძე (ატირაუ, ყაზახეთი), გიორგი ქიმაძე (ტორპედო), ჯიმი ტაბიძე (გენტი, ბელგია);
ნახევარმცველები: თეიმურაზ შონია (დინამო ბთ), გიორგი განუგრავა (ჩიხურა), ოლეგ მამასახლისი (ტორპედო), ოთარ კიტეიშვილი (დინამო თბ), ბაჩანა არაბული (დინამო თბ), გიორგი ხარაიშვილი (საბურთალო), ბექა ტუღუში (ტორპედო), საბა ლობჟანიძე (დინამო თბ), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბ), ლაშა პარუნაშვილი (დინამო თბ);
თავდამსხმელები: ვლადიმერ დვალიშვილი (ატირაუ, ყაზახეთი), ბუდუ ზივზივაძე (სამტრედია).
მომზადებულია worldsport-ის მასალების მიხედვით.