შესვენების შემდეგ ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი 2 მატჩით განახლდება. პსჟ ბარსელონას უმასპინძლებს, ბენფიკა კი დორტმუნდის ბორუსიას.
დღის ცენტრალური მატჩი რა თქმა უნდა პარიზში გაიმართება. პსჟ-ბარსელონა ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 4 წლის განმავლობაში უკვე მეშვიდედ ხვდებიან ერთმანეთს, პლეი-ოფის სტადიაზე მათი კი მესამედ. ბოლო პერიოდში ორივე გუნდი შესანიშნავ ფორმაში იმყოფება - პსჟ-მ ჩატარებული 11 მატჩიდან 10 შეხვედრის მოგება მოახერხა და გუნდის მთავარი მწვრთნელი, ენაი ემერი დაპირისპირებას იმედით ხვდება.
"ჩემი გუნდი ძალზე მოტივირებულია და შესანიშნავი დაპირისპირება გველის. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თუ ვინ მოიპოვებს უპირატესობას გადამწყვეტ მომენტებში და ვისი ტაქტიკური კარნახით წარიმართება მატჩი. გვინდა გამოვიყენოთ ეს შანსი, რადგან ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით,"- განაცხადა პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა.
"პსჟ ბოლო კვირების განმავლობაში დიდებულად თამაშობს. კარგად ვიცნობ უნაი ემერის და ვიცი მისი შესაძლებლობები. ჩვენ შევეცდებით მოედანზე ბურთის კონტროლს და მეტოქის კართან სახიფათო მომენტების შექმნას. პსჟ ძალიან ძლიერი მეტოქეა, მაგრამ პარიზის სტადიონთან კარგი მოგონებები გვაკავშირებს," - განაცხადა ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ.
პსჟ-ს ტრავმების გამო ტიაგო მოტა და ტიაგო სილვა დააკლდებათ. საეჭვოა ხავიერ პასტორეს თამაშიც. ბარსელონას კი არდა თურანი, ხავიერ მასკერანო და ალექს ვიდალი ვერ დაეხმარება.
გთავაზობთ გუნდების სავარაუდო შემადგენლობებს UEFA-ს მიხედვით;
პსჟ - ტრაპი; ორიე, მარკინიოსი, კიმპემბე, მაქსველი; ვერატი, რაბიო, მატუიდი; ლუკასი, კავანი, დრაქსლერი.
ბარსელონა - ტერ შტეგენი; სერხი რობერტო, პიკე, უმტიტი, ალბა; რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ინიესტა; მესი, სუარესი, ნეიმარი.
შეხვედრა თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.