მას შემდეგ რაც ჩემპიონთა ლიგა დაარსდა, პლეი ოფში აქამდე არცერთ გუნდს არ მოუხერხებია - პირველ მატჩში 4:0 წაგების შემდეგ მომდევნო ეტაპზე გასვლა. ამ თემას BBC-ი გამოეხმაურა - "ბარსელონამ უნდა შეძლოს ის, რაც აქამდე არც ერთ გუნდს არ გაუკეთებია, მაგრამ თუ ვინმეს შეუძლია ..." - ალბათ, გასაგებია გამოცემის აზრი.
აღსანიშნავია, რომ თუ ბარსელონა გადალახავს პსჟ-ს დაბრკოლებას, მაშინ ესპანური გუნდი რეკორდს დაამყარებს და ზედიზედ 10-ჯერ იასპარეზებს მეოთხედფინალში, რაც საუკეთესო შედეგი იქნება.
"თუ რომელიმე კლუბს ჩვენს კარში ოთხი გოლის გატანა შეუძლია, მაშინ ბარსელონასთვის მათ კარში 6 გოლის გატანა ძალიან რეალურია. ხანდახან დგება მომენტი, როცა გუნდს გადამწყვეტ მომენტში ბევრის გაკეთება შეუძლია. პირველი მატჩის შედეგი სახეზეა, მაგრამ მომავალი 90 წუთის განმავლობაში მოედანზე ყველაფერი შეიძლება მოხდეს,"- განაცხადა ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ.
ბარსელონა ბოლო პერიოდში შესანიშნავად ათამაშდა, გუნდმა ბოლო ორ შეხვედრაში (სელტა და ხიხონის სპორტინგი) 11 გოლი გაიტანა და საკუთარ კარში მხოლოდ 1 მიიღო, თუმცა აღსანიშნავია, რომ პსჟ-ს უკვე 16 თამაშია არ წაუგია.
ბარსელონა-პსჟ-ს მატჩი თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.