03 ოქტომბერი 2024,   08:34
ვრცლად
სოსანაშვილის ოჯახი დნმ-ს კვლევაზე ექსპერტების დასკვნას არ ენდობა

დამატებითი დნმ-ები, რომლებიც იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ადგილზე იქნა აღმოაჩენილი, ჯერჯერობით იდენტიფიცირებული არ არის. მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის ინფორმაციით, გამოძიების ამ ეტაპზე საქმეში მხოლოდ გია სოსანაშვილის მონაწილეობაა გენეტიკური კვლევით დადასტურებული. ირაკლი შოთაძე არ იზიარებს ბრალდებულის ოჯახის წევრების ეჭვებს მთავარი მტკიცებულების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით. მისი ინფორმაციით, ვაზაგაშვილის მკვლელობიდან რამდენიმე დღეში მათ უკვე იცოდნენ, რომ ადგილზე ნაპოვნი ასაფეთქებლის ნაწილზე ადამიანის დნმ-ი იყო აღმოჩენილი, რომელიც შემდეგ სოსანაშვილისგან აღებული ანალიზების შედეგებს დაემთხვა. ირაკლი შოთაძისთვის უცნობია, ჩაუტარდა თუ არა გია სოსანაშვილს დაკავების წინა დღეს დნმ-ს კვლევა.

მთავარი პროკურორის მოადგილის ამგვარი განმარტების მიუხედავად, ოჯახი დნმ-ს კვლევაზე ექსპერტების დასკვნას მაინც საეჭვოს ხდის. გია სოსანაშვილის ნათესავები დღესაც ამტკიცებდნენ, რომ მას გენეტიკური კვლევა ორჯერ ჩაუტარეს. სოსანაშვილები გამოძიებისგან პასუხს 6 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ჩატარებულ კვლევაზე ითხოვენ.

საეჭვო გარემოებებზე გია სოსანაშვილის ადვოკატიც მიუთითებს. სოსანაშვილისათვის ჩატარებულ ექსპერტიზას ვაზაგაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატებიც ესწრებოდნენ. დაზარალებულის იურისტების ინფორმაციით, დნმ-ი არ იყო ერთადერთი მტკიცებულება, რის საფუძველზეც მოქმედი პოლიციელი დააკავეს.

სხვა მტკიცებულებებში მოწმეთა ჩვენებები და სატელეფონო ანძების ამონაწერები დევს. მთავარი პროკურორის მოადგილის ინფორმაციით, გია სოსანაშვილის მიმართ ეჭვები რამდენიმე გარემოების გამო გაჩნდა. მათ შორის ერთ-ერთი ზურა ვაზაგაშვილის საფლავზე მომხდარ აფეთქებამდე ერთი საათით ადრე მის ტელეფონზე ირაკლი ფირცხალავას მიერ განხორციელებული ზარი იყო.

სოსანაშვილის ადვოკატი კი არ გამორიცხავს, რომ მათ ბევრი დოკუმენტის დაუშვებლად ცნობა მოითხოვონ, მათ შორის იმ მოწმეთა ჩვენებებისაც, რომლებიც პროკურატურასთან ამტკიცებენ, რომ 20 იანვარს გია სოსანაშვილი სოფელ ყარაფილაში ნახეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები