"ყაზტრანსოილის " წარმომადგენლები ბათუმში გამოემგზავრნენ. ინფორმაციას კომპანიის პრეს-სამსახური ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოში ბათუმის პორტის გაფიცულ თანამშრომლებთან მოსალაპარაკებლად სააქციო საზოგადოების მმართველთა საბჭოს წევრები მიემგზავრებიან.
მათ შორის არიან გენერალური დირექტორის მოადგილე და აღმასრულებელი დირექტორი.
"ყაზტრანსოილის" ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომპანიის პოზიცია თანამშრომლების გაფიცვასა და შიმშილობასთან დაკავშირებით უცვლელია. არსებული პრობლემები საქართველოში მოქმედი კანონის შესაბამისად და მედიაციის პროცედურების დაცვით უნდა მოგვარდეს.
ბათუმის პორტში გაფიცვა შეწყდა. ნავსადგურის თანამშრომლები მუშაობას გააგრძელებენ, თუმცა 6 თანამშრომელი შიმშილობას კვლავ აგრძელებს.
სამუშაო ადგილებზე დაბრუნების გადაწყვეტილება გაფიცულმა თანამშრომლებმა ნავთობტერმინალის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს.
მოშიმშილეების მოთხოვნა კი კვლავ უცვლელი რჩება. ისინი დირექტორის გადადგომას ითხოვენ.