„ახალგაზრდა მეწარმე“ - თბილისში ახალი აგრო პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. პრემიერ-მინისტრი ახალი აგრო პროექტის პრეზენტაციას დაესწრო. პროექტი „ახალგაზრდა მეწარმე“ მიზნად იმ ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერას ისახავს, რომლებიც თავის საქმიანობას სოფლად ახორციელებენ.
პრემიერის განცხადებით, აღნიშნულ პროექტი ეკონომიკის განვითარებას ხელს შეუწყობს და მასში მონაწილეობას რეგიონებიდანაც მიიღებენ.
„დღეს ჩვენ ვიწყებთ პროგრამას, რომელიც ზუსტად ამ ნიშაზეა განსაზღვრული, ეს არის 18-დან 40 წლამდე ადამიანები, რომლებსაც აქვთ აქტიური იდეები, განსაკუთრებით ეს არის რეგიონებზე გათვლილი და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სიმძიმის ცენტრი ეკონომიკის განვითარების ასევე გადანაწილდეს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებზე. ამიტომ არის სწორედ ფერმერების ჩართულობა ამ პროგრამაში განსაკუთრებით ხაზგასმული და ასევე, გათვალისწინებულია, რამდენადაც მე ვიცი, 20 პროცენტი არასასოფლო-სამეურნეო ბიზნესები, მაგრამ ასევე, რეგიონებში იქნება წახალისებული ეს,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პროექტის ბიუჯეტი 4 მილიონი დოლარია და ის ნაწილობრივ დანიის სამეფოს მხარდაჭერით ხორციელდება.