არასაპარლამენტო პარტიები ხელისუფლებას დაფინანსების წყაროების გადაკეტვის მცდელობაში ადანაშაულებენ. არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრების თქმით, ხელისუფლება საკანონმდებლო ცვლილებებით ცდილობს 20-მდე პარტია საბიუჯეტო დაფინანსების გარეშე დატოვოს.
იმ შემთხვევაში თუ პარლამენტი „ქართული ოცნების“ ცვლილებებს დაამტკიცებს, პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი თანხების გარეშე დარჩება.
პარტიათა დაფინანსების მოქმედი წესით მიღებული შემოსავალი პატარა პარტიებისთვის ხშირად დაფინანსების ერთადერთი წყაროა. ეს თანხები კი ოფისის ქირას და რამდენიმე თანამშრომლის ხელფასს ჰყოფნის. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ თუკი კანონი შეიცვლება, დაბალრეიტინგიანი პარტიები სახელმწიფოსგან ფულს ვეღარ მიიღებენ და თანხები მხოლოდ ძირითად პოლიტიკურ ძალებზე გადანაწილდება.
"ეროვნულ დემოკრატიული" პარტიის ლიდერი ბაჩუკი ქარდავა და გოჩა ჯოჯუა ამბობენ, რომ დაფინანსების ახალი წესი "ქართულ ოცნებას" იმისთვის დასჭირდა, რომ ოპოზიციურ ველზე პოლიტიკური პლურალიზმი სრულიად მოსპოს.
პარტიათა დაფინანსების წესის გადახედვას ითხოვს „ნაციონალური მოძრაობაც“, თუმცა მხოლოდ იმ პრინციპით, რომ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში არც ერთი ოპოზიციური ძალა არ ჩავარდეს.