მთავრობის და პარლამენტის მეთაურები მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ორგანიზაციას Freedom House-ს მკაცრად და უხეშად აკრიტიკებენ. გიორგი კვირიკაშვილის და ირაკლი კობახიძის გაღიზიანება ორგანიზაციის მიერ საქართველოს დემოკრატიის ინდექსის დაწევამ გამოიწვია.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საგანგებო ბრიფინგზე ბიძინა ივანიშვილი დემოკრატიის მთავარ გარდამტეხად დაასახელა, Freedom House-ის ანგარიშს კი არაობიექტური, ტენდენციური და ღიმილის მომგვრელი უწოდა.
ორგანიზაციას მედიაჰოლდინგი "იმედიც" აკრიტიკებს.
"გამაოგნებელია მაღალი რეპუტაციის ორგანიზაციის მხრიდან მცდარი ინფორმაციის გავრცელება,"- აღნიშნულია "იმედის" განცხადებაში... ჩვენ არ ვართ პარტიულ/ოპოზიციური ტელევიზია, ჩვენ ვაშუქებთ მოვლენებს მხოლოდ ფაქტების შესაბამისად და ვუთმობთ ტრიბუნას ყველას, ვინც ამ მოვლენებში მონაწილეობს"- ნათქვამია "იმედის" განცხადებაში.
Freedom House-ის ანგარიშში კი აღნიშნული იყო, რომ „საქართველოში მედია ლანდშაფტმა სერიოზული ცვლილება განიცადა გაზაფხულზე, როდესაც სამი მთავარი კერძო ტელეარხი: იმედი, GDS და მაესტრო გაერთიანდა. "მაესტრო" და "იმედი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მთავრობას აკრიტიკებდნენ. მაგრამ 2012 წელს ქართულ ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, სარედაქციო პოლიტიკა მათ მთავრობის ხაზს დაუახლოვეს“.
გავლენიანი ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით კი, საქართველოში დემოკრატიისა და მედიის თავისუფლების ინდექსიც გაუარესდა. Freedom House ქვეყანაში არაფორმალურ მმართველობაზე, პოლიტიკური ოპონენტების დევნაზე, „რუსთავი 2-ის“ საქმესა და აფგან მუხთრლის გატაცებაზე წერს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ივანიშვილის პოლიტიკური ვენდეტა და თბილისში დაგეგმილი პროექტები ქართულ პოლიტიკას კვლავ მძიმე ტვირთად აწევს.
ოპოზიციის აზრით, საქართველოს ხელისუფლების მიერ ავტორიტეტული ორგანიზაციის კვლევის კრიტიკა ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს აზიანებს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ გიორგი მარგველაშვილი იმ პრობლემებზე ყურადღების გამახვილებას, რომელიც Freedom House დემოკრატიის ხარისხის გაუარესების ფაქტორად ასახელებს, "ქართულ ოცნებას" თავიდანვე სთხოვდა.