სირიაში მოსალოდნელი სამხედრო ოპერაციისთვის შეერთებული შტატების ფლოტში მზადყოფნა გამოცხადდა. თუმცა, სარაკეტო შეტევის დაწყების შესახებ დონალდ ტრამპს საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია. თეთრ სახლში კონსულტაციების ბოლო რაუნდს გადიან. პრეზიდენტი პირობას დებს, რომ გადაწყვეტილებას მალე მიიღებს.
ქიმიური შეტევის საპასუხო ოპერაციას უერთდება დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი. ტერეზა მეი სამხედრო ოპერაციის ჩართვის საკითხს მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სხდომაზე განიხილავს.
სრულ მზადყოფნაშია საფრანგეთის საჰაერო ძალებიც. ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ უტყუარ მტკიცებულებებს ფლობს და ოპერაციის დაწყების შემთხვევაში ავიაციის სამიზნე ქიმიური იარაღის ობიექტები იქნება.
მოკავშირეებთან მუდმივი კონტაქტი აქვს ნატო-ს გენერალურ მდივანსაც, რომელიც სირიის რეჟიმს მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებს დიუმაში შესვლის უფლება მისცეს. სამხედრო ოპერაციაში უშუალოდ არ ჩაერთვება გერმანია, თუმცა კოალიციას ტექნიკურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას ჰპირდება.
მოსალოდნელი სარაკეტო იერიშებისთვის ემზადება სირიაც. ლატაკიაში, ჰმეიმიმის რუსულ ბაზაზე სირიის მოიერიშე თვითმფრინავები და სამხედრო პერსონალი გადაიყვანეს. დაცარიელდა ტარტუსის პორტი, სადაც გუშინ 7 რუსული გემი, ორი კატერი და ორიც წყალქვეშა ნავი იდგა.
სირიის ქალაქ დოუმაში ქიმიური იარაღი 7 აპრილს გამოიყენეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით დაიღუპა 70 და დაშავდა 500-ზე მეტი ადამიანი.
მოსალოდნელ სამხედრო ოპერაციაზე დღეს გაეროს უშიშროების საბჭო იმსჯელებს. ორგანიზაციის შტაბბინაში საგანგებო შეხვედრა დაინიშნა.