28 ნოემბერი 2021,   16:01
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია ასეთია - ჩვენ არც ბელადები უნდა გვჭირდებოდეს და არც ყოჩები - ზაზა პაპუაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობაში დაპირისპირება, თითქმის, ყოველ საათობრივად მწვავდება. ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე, ზაზა პაპუაშვილი არ ეთანხმება მმართველ გუნდში დეპუტატების ძველ და ახალ სახეებად დაყოფას.

„ვინც ეს ტერმინოლოგია დაამკვიდრა ძველი და ახალი სახეები, ეს არის შეურაცხმყოფელი. ამიტომ ვინც არიან ასეთი დაყოფის, დანაწევრებისა და ამ ტერმინოლოგიის შემოღების ავტორები უნდა გაირკვეს,“- აღნიშნა პაპუაშვილმა.

მან ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ჩვენს ქვეყანას „ბელადები და ყოჩები“ არ სჭირდება.

„ჩემი დამოკიდებულება ასეთია ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით - ჩვენ არ ვართ ადამიანები და არც უნდა ვიყოთ, რომ ყოჩებს და ბელადებს ვეძებდეთ. ეს კატეგორიულად არ მიმაჩნია სწორად. უფრო მეტს ვიტყვი, ასეთივე შეხედულება აქვს მასაც ამ ცხოვრებისეულ დამოკიდებულებასთან. ჩვენ არც ბელადები უნდა გვჭირდებოდეს და არც ყოჩები. ჩვენ უნდა ავაშენოთ ქვეყანა, სადაც შეიცვლებიან მთავრობებიც, მაგრამ უნდა შევძლოთ ცხოვრება, გაგრძელდეს ინსტიტუციურად, როგორც იგება ჩვეულებრივი თანამედროვე სახელმწიფო,“- განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.

 

დღის ამბები