17 ნოემბერი 2024,   20:38
ვრცლად
მწერები, მატლები, ქვიშა - დაბინძურებული წყალი საქართველოში

სოფელი ხვლიკიანი უკვე 1 წელია, გაუფილტრავი წყლით მარაგდება. 10-წლიანი მოლოდინის შემდეგ, სოფელში წყალი რამდენიმე წლის წინ გაიყვანეს, თუმცა, წყალმომარაგების კომპანიამ გამწმენდი ფილტრი არ დაამონტაჟა.

მოყვითალო შეფერილობის გარდა, მოსახლეობა სასმელ წყალში ხშირად მწერებს, მატლებსა და ქვიშას პოულობს. სასმელი წყლის ონკანიდან ხვლიკიც გადმოვარდა. სოფლის მცხოვრებლები ამბობენ, რომ სხვადასხვა სახის ინფექციური დაავადებებით სამედიცინო დაწესებულებაში ხშირად ხვდებიან.

ხვლიკიანის მსგავსად, სასმელი წყლის ხარისხი ლაგოდეხის რაიონის თითქმის ყველა სოფელში იდენტურია. მოსახლეობა ამბობს, რომ წყლის ფილტრის დაყენების მოთხოვნით მუნიციპალიტეტს რამდენჯერმე მიმართა, თუმცა, ადგილობრივი ხელისუფლებიდან პრობლემის მოგვარების ნაცვლად, მხოლოდ რჩევა მიიღეს, რომ წყალი სასმელად არ მოიხმარონ.

რეგიონებში სასმელი წყალი რომ დაბინძურებულია, ამას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაშიც ადასტურებენ.

კომპანია, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფოა, ქვეყნის მასშტაბით 57 ქალაქისა და 300-ზე მეტი სოფლის წყალმომარაგებას უზრუნველყოფს. ჯამში, მილიონამდე ადამიანისთვის უსაფრთხო წყლის მიწოდებაზეა პასუხისმგებელი.

კომპანიის დირექტორის მოადგილე, ზაზა სიხარულიძე, ამბობს, რომ მთავარი პრობლემა მოძველებული წყლის სისტემებია.

შემოწმებული სასმელი წყლის სინჯებიდან 42% დაბინძურებულია - ეს მონაცემები სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გასულ წელს გამოაქვეყნა.

სასმელი წყლის სინჯები ლაბორატორიებში ქვეყნის მასშტაბით 550 ადგილიდან გააგზავნეს, შედეგების მიხედვით კი, მიკრობიოლოგიურად დაბინძურებული წყალი 200-ზე მეტ შემთხვევაში აღმოჩნდა. აქედან, 22 შემთხვევაში სინჯი სკოლებიდან და საბავშვო ბაღებიდან იყო აღებული. ჯანმრთელობისთვის სახიფათო წყალს ძირითადად რეგიონებში მოიხმარენ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მონაცემები განსაკუთრებით საგანგაშოა მედიკოსებისთვის. დაავადებათა კონტროლის ცენტრში ამბობენ, რომ გასულ წელს წყლით ინტოქსიკაციის ეპიდემიის ორი ფაქტი დაფიქსირდა.

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი 

დღის ამბები