26 აპრილი 2024,   23:27
ვრცლად
მოზარდების მკვლელობა ხორავას ქუჩაზე - სასამართლოზე გამომძიებელი და ირიბი მოწმეები გამოიკითხნენ

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე პროცესი საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. დაიკითხა ექვსი მოწმე, მათ შორის არიან ირიბი მოწმეები, რომლებიც ინციდენტში უშუალოდ არ მონაწილეობდნენ. ისინი მოკლული მოზარდების მეგობრები არიან და აქვთ ინფორმაცია, თუ როგორ განვითარდა მოვლენები ხორავას ქუჩაზე.

პროცესზე ასევე გამომძიებელიც გამოიკითხა, რომელმაც საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა და მის ფარგლებში ფარული აუდიოჩანაწერი აწარმოვა ერთ-ერთ მოზარდთან, რომელმაც ინფორმაცია მიაწოდა თუ როგორ დაიწყო კონფლიქტი და როგორ განვითარდა მოვლენები.

აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით ადვოკატები აცხადებენ, რომ ჩანაწერში მოყვანილი ფაქტები აქამდე დაკითხული მოწმეების ჩვენებებს არ ემთხვევა.

ადვოკატების თქმითვე, სისხლიანი დაპირისპირების რამდენიმე თვიანი განხილვის შემდეგაც ექსპერტიზით ვერ დგინდება, არის თუ არა სასიკვდილო ჭრილობა მიყენებული იმ დანებიდან, რომელიც საქმეში დევს.

დაცვის მხარე საქმეში უცხოელი ექსპერტების ჩართვას ელოდება, რომლებმაც უნდა გაარკვიონ, ფიგურირებს თუ არა მომხდარ მკვლელობაში საქმის მასალებში არსებული ორი დანის გარდა, კიდევ სხვა დანებიც.

„აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნაში საერთოდ არ არის მითითებული თუ რომელი დანით რომელი ჭრილობა იქნა მიყენებული. არ არის მითითებული საქმეში არსებული დანებით იქნა მიყენებული ჭრილობები თუ სხვა დანებით. არ არის მითითებული, მთლიანად რამდენი დანა იქნა გამოყენებული,“- განაცხადა ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ.

ბრალდების მხარე კი ამტკიცებს, რომ ის დანა იდენტიფიცირებულია, რომლითაც დავით სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს. თუმცა პროკურორი ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით იმასაც არ გამორიცხავს, რომ მოკლულ დავით სარალიძეს სხვა ჭრილობები სხვა დანითაც ჰქონდეს მიყენებული.

„იდენტიფიცირებულია ის დანა, რომლითაც მოხდა დავით სარალიძეზე სასიკვდილო დაზიანების მიყენება, მაგრამ არ მინდა გაგებულ იქნეს, რომ თითქოს, მხოლოდ ეს ჭრილობა იყო სასიკვდილო. დავით სარალიძეზე ასევე არის რამდენიმე დაზიანება გულ-მკერდისა და მუცლის ღრუს არეში. ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ შესაძლებელია ეს დაზიანებები გამოწვეული ყოფილიყო არა მარტო იმ დანით, რომელმაც სასიკვდილო დაზიანება გამოიწვია, არამედ სხვა დანითაც, მათ შორის იმ დანით, რაც გამოძიების სტატიაზე იქნა ამოღებული,“- განაცხადა პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ.

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

ამავე თემაზე
დღის ამბები