მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას პირველი მოსმენით კენჭი უყარეს. დეპუტატებს კანონპროექტი სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა წარუდგინა.
ინიციატივა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის შეღავათებს გულისხმობს ჯანდაცვისა და განათლების სფეროებში. პროექტი ითვალისწინებს საქართველოს პასპორტის გამარტივებული წესით აღებას.
„ეს ინიციატივა გახლავთ გათვლილი კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ინტერესებსა და საჭიროებებზე და მიმართულია მათი სოციალურ-ეკონომიკური და ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ. ასევე, ქმნის საფუძველს ხალხთა შორის კონტაქტების, მიმოსვლის, საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის და დიალოგის წახალისებისთვის, რაც თავის მხრივ არის ნდობის მშენებლობისა და ჩვენი საზოგადოებების შერიგების წინაპირობა,“ - განაცხადა მინისტრმა.