20 ნოემბერი 2024,   07:22
ვრცლად
მიწისქვეშა პარკირება - საკრებულოს სხდომა ხმაურიანი დებატების ფონზე მიმდინარეობს

თბილისის საკრებულოს სხდომა ხმაურიანი დებატების ფონზე მიმდინარეობს. საკრებულოს მთავარი თემა მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერია, რომელიც თბილისში საპარკინგე ადგილების მოწყობას უკავშირდება. ოპოზიცია მერიას პროცესის გაჭიანურებაში ადანაშაულებს.

მიწისქვეშა პარკირება დედაქალაქში ჯერჯერობით უნდა მოეწყოს 10-ის ნაცვლად, მხოლოდ სამ ლოკაციაზე - გეგეშიძის სკვერი, სადგურის მოედანი და ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორია.

„პარკინგები თბილისში ბევრ სხვა მწვავე საკითხთან ერთად, არის ძალიან მწვავე საკითხი, მაშინ, როდესაც ერთ საპარკინგე ადგილზე მოდის 15 მანქანა, მაგრამ მინდა შეგახსენოთ, თქვენ იყავით ის ხელისუფლება, რომელმაც 2015 წელს ბიუჯეტიდან გააქრეთ მუხლი, რომელიც ითვალისწინებდა დედაქალაქში მრავალსართულიანი პარკინგების მშენებლობას. ემოციური ვარ, არ მოგწონთ ტონი?,“- განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ.

საკრებულოს ოპოზიციამ მმართველ გუნდს ბიძინა ივანიშვილისთვის მიწის გადაცემა შეახსენა.

„კომერციულად გამართულ, მომგებიან ბიზნესს, კომერციულ პროექტს მიეცით ერთ ლარად 38 საპარკინგე ადგილი, რომელსაც ამავე ბიზნესის სტუმრები დაიკავებენ. აქ სულ სხვა საკითხზეა ლაპარაკი. რაზეც ლაპარაკობთ, ის ბიზნესი არის პარკინგი, შესაბამისად, ყველანაირი ქონების ყველასთვის გადაცემა კი არ არის გასაპროტესტებელი ერთ ლარად, ერთ ლარად არის გასაპროტესტებელი ქონების გადაცემა ადამიანისთვის, რომელიც ისედაც ფლობს საქართველოში აღმასრულებელ ხელისუფლებას, საკანონმდებლო ხელისუფლებას, სასამართლო ხელისუფლებას, აქვს უდიდესი გავლება ბიზნესზე, მედიაზე, ყველაფერზე. როგორ არ გესმით? დავიჯერო, რომ არ გესმით? გესმით, მაგრამ არასწორად და ხელოვნურად შეფუთული მესიჯბოქსი გაქვთ,“- განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიორგი გაბაშვილმა.

საპარკინგე ტერიტორიებთან დაკავშირებით განმარტება საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ გააკეთა.

„სწორი გადაწყვეტილებაა, როცა ჩვენ კიდევ დამატებით სამ ლოკაციაზე ერთ ლარად, სიმბოლურ ფასად, გადავცემთ ლოკაციებს იმ პოტენციურ ინვესტორებს, რომელთა ინტერესში იქნება, განახორციელონ მიწისქვეშა პარკინგების მშენებლობა,“- განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები