17 ნოემბერი 2024,   20:41
ვრცლად
კიბერთავდასხმა ავიაციის სააგენტოს სერვერზე - ვასილ ურუშაძე არ გამორიცხავს, რომ მონაცემები მოქმედი მაღალჩინოსნების დავალებით წაშალეს

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მთავარ სერვერზე ჰაკერული თავდასხმა 2 მაისის დილას განხორციელდა. დაიბლოკა ბაზა, სადაც ავიაციის სამსახური ფრენების შესახებ ინფორმაციას ინახავდა.

პირველადი ვერსიით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემთა ბაზებზე თავდასხმა უცხოეთიდან მოხდა. გაითიშა ვებ გვერდი, ქართველმა სპეციალისტებმა დაკარგეს წვდომა ელექტრონული ფოსტაზე და მთელს იმ ინფორმაციაზე, რომელიც ავიაკომპანიების შესახებ მათ გააჩნდათ. გამოსასყიდის სახით თავდამსხმელებმა კრიპტოვალუტა მოითხოვეს.

„ჰაბ ჯორჯიას“ დამფუძნებელი, ვასილ ურუშაძე არ გამორიცხავს, რომ სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სერვერებიდან მონაცემები მოქმედი მაღალჩინოსნების დავალებით წაშალეს და კიბერთავდასხმის ისტორია კვალის დაფარვის მიზნით გამოიგონეს.

ვასილ ურუშაძის მტკიცებით, უკვე წლებია, სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაცია ფრენების შესახებ ინფორმაცია აყალბებს და სირიასა და სხვა აკრძალულ ზონებში შესრულებული ავიარეისების შესახებ მონაცემებს მალავს.

„ჰაბ ჯორჰიას“ დამფუძნებლის ინფორმაციით, საეჭვო ფრენების გამო უახლოს მომავალში საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო შემოწმებას ევროკონტროლი გეგმავდა, აუდიტის წინ კი მონაცემები წაშალეს და ამით არალეგალური ფრენების შესახებ ინფორმაცია გაანადგურეს.

სკანდალური ჟურნალისტური გამოძიება არალეგალური ფრენების შესახებ გადაცემა P.S-მა იანვარში მოამზადა, საიდანაც გაირკვა, რომ რამდენიმე ავიაკომპანია ყველა ავიარეისს არ არეგისტრირებდა და ამ დარღვევაზე სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაცია თვალს ხუჭავდა.

ვირუსი, რომლითაც უკვე მესამე დღეა სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სერვერების ბლოკირება მოხდა, „რამსონ ვეარია.“

შინაგან საქმეთა სამინისტროს კიბერდანაშაულთან მებრძოლმა დანაყოფმა მოკვლევა უკვე დაიწყო. უცნობია, გამოიკვეთება თუ არა კიბერთავდასხმის გამოძიების პროცესში სხვა დანაშაული, რომელიც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მაღალჩინოსნებამდე მიდის.

დღის ამბები